ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხზე მსჯელობს. მაგიდაზე დევს ის მოთხოვნები, რაც საქართველომ 31 აგვისტომდე უნდა შეასრულოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია შენგენის ზონაში გადაადგილებისთვის საქართველოს მოქალაქეს ნებართვის აღება დასჭირდეს.

რა პირდაპირ ეკონომიკურ გავლენას მოახდენს საქართველოზე ვიზალიბერალიზაციის შეჩერება? საკითხზე ,,კომერსანტი“ ეკონომიკის ყოფილ მინისტრს გიორგი ქობულიას ესაუბრა. ყოფილი მინისტრი განმარტავს, რომ სავიზო რეჟიმის ამოქმედებას პირდაპირი ეკონომიკური შედეგები მოჰყვება ინვესტიციებსა და გადარიცხვებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ევროპიდან ნაკლები ფულადი გზავნილები შემოვა. მიზეზი კი საქართველოდან ევროპაში სამუშაოს მაძიებელთა წასვლა გართულდება. ევროკავშირში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს კი ადგილზე სამსახურის მოძიება გაუჭირდებათ. გიორგი ქობულია განმარტავს, რომ უცხოური ვალუტის ნაკადების შემცირება უარყოფით გავლენას მოახდენს ლარის კურსზეც.

,,თუ ვიზალიბერალიზაცია შეჩერდება ამას ექნება საკმაოდ ნეგატიური გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე. პირველ რიგში, ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე, რომელიც მუშაობს ევროპაში ან რომელიც აპირებს ევროპაში წასვლას სამუშაოდ, ამას ვეღარ შეძლებს. იქ მყოფი ადამიანებისთვისაც, სამუშაოს მოძიების პროცედურები საკმაოდ გართულდება. ამას ექნება გავლენა იმ გადმორიცხვებზე, რომლებსაც დღეს ემიგრაციაში მყოფი ქართველები ახორციელებენ. ეს დაარტყამს, რა თქმა უნდა, ჩვენს სავალუტო შემოსავლებს. რამაც შესაძლებელია აგრეთვე იქონიოს გავლენა ლარის კურსზეც.“- აცხადებს გიორგი ქობულია.

ნეგატიურ შედეგებს შორის გიორგი ქობულია ქვეყნის რეპუტაციის დაზიანებასაც ასახელებს. ეკონომიკის ყოფილი ამბობს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში საქართველოს ინვესტიციების, განსაკუთრებით კი ევროპულის მოძიება გაუძნელდება.

,,ეს გამოიწვევს საკმაოდ დიდი რეპუტაციულ ზიანს ჩვენთვის, რაც კიდევ უფრო გაართულებს ინვესტიციების მოზიდვას განსაკუთრებით დასავლეთის ქვეყნებიდან.“- აცხადებს გიორგი ქობულია.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით საქართველო იზოლაციაში მოექცევა, რაც ნეგატიურად აისახება არა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკაზე, არამედ ზოგადად განვითარებაზე.

,,ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას მოჰყვება საქართველოს საკმაოდ დიდი იზოლაცია დასავლეთისგან და ევროპისგან. ჩვენი თანამემამულეები, განსაკუთრებით ახალგაზრდები მიდი-მოდიან ევროპაში. ეცნობიან მათ კულტურას. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ჩვენსა და ევროპას შორის კულტურულ ინტეგრაციას. ეს ინტეგრაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ განვითარდეთ დასავლური ვექტორით. ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ნეგატიურად აისახება როგორც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე, ასევე განვითარებაზე.“- აცხადებს გიორგი ქობულია.