სახელმწიფო პროგრამით „სუბსიდირებული იპოთეკური სესხი“ უკვე 8000-მდე ოჯახმა ისარგებლა, დამტკიცებული სესხების მოცულობამ კი  932 მლნ ლარი შეადგინა. ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს. სააგენტოში განმარტავენ, რომ პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ოჯახებს, რომლებსაც სესხის აღების პროცესში 1 წლამდე ასაკის შვილი ჰყავთ.

პროგრამას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ 2021 წლიდან ახორციელებს და მისი მიზანი ბავშვიანი ოჯახების ბინის/სახლის აშენების ან შეძენის პროცესში ხელშეწყობაა. პროგრამა გულისხმობს იპოთეკურ სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას 5 წლის განმავლობაში. სესხის მაქსიმალური ლიმიტი 200 000 ლარს შეადეგენს. პროგრამა ასევე ვრცელდება მარტოხელა მშობლებზე, ქვრივებსა და შვილის აყვანის შემთხვევებზე.

,,აწარმოე საქართველოში" განმარტავენ, რომ პროგრამის თანახმად, ოჯახებს პირველ და მეორე შვილზე საშუალება აქვთ, მიიღონ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3.5%, რაც დღეის მდგომარეობით შეადგენს 4.5%-ს. მესამე და შემდგომ შვილზე კი - რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 1.5%, რაც დღეის მდგომარეობით 6.5%-ს შეადგენს.