ენერგეტიკა საქართველოსთვის არ არის უბრალოდ ეკონომიკის ერთ-ერთი სექტორი, არამედ ის არის ქვეყნის სუვერენიტეტის, ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სარგებლის ერთ-ერთი მთავარი ღერძი.  არაერთი კვლევა ცხადყოფს, რომ დღესდღეობით საქართველო საკუთარი ენერგო პოტენციალის საკმაოდ მცირე ნაწილს იყენებს. ბუნებრივია, ამ გამოწვევას სხვადასხვა მიზეზები აქვს, დაწყებული მოსახლეობის ცნობიერებიდან ენერგეტიკის შესახებ, დამთავრებული იმ ბიუროკრატიული პროცესებით, რასაც ინვესტორი გადის ჰესების მშენებლობის ნებართვის აღებასთან დაკავშირებით.

ენერგეტიკის სექტორი ვერ განვითარდება თუკი ინვესტორმა არ გადაწყვიტა ამა თუ იმ პროექტში ფულის ჩადება. ინვესტორის გადაწყვეტილებაზე კი ხშირად ბიუროკრატიული პროცესები ნეგატიურად მოქმედებს. მაგალითისთვის, დღევანდელი რეალობა საქართველოში შემდეგნაირია: კერძო სექტორი პროექტებს ამზადებს და 24 საათი მუშაობს იმისათვის, რომ ჩვენი პოტენციალის სრულად ათვისება მოხდეს, რაც ბუნებრივია სახელმწიფო სტრუქტურებთან უნდა შეთანხმდეს. თუმცა, აქ პროცესები საკმაოდ დიდხანს ჭიანურდება. ამ ყველაფრის მიზეზი კი ისაა, რომ ინვესტორს შესაბამისი დოკუმენტაციების მომპოვება უწევს არა ერთი, არამედ რამდენიმე უწყებიდან, რაც ბუნებრივია დროის კუთხით შემაფერხებელი ფაქტორია. ამ პრობლემის საპასუხოდ ენერგეტიკის სამინისტრო იქნებოდა ის უწყება, რომელიც ინვესტორებისთვის ერთი ფანჯრის პრინციპს შეასრულებლდა და თავად აიღებდა პასუხისმგებლობას უწყებათაშორის კოორდინაციის ნაწილში.

როდესაც ვსაუბრობთ ბიუროკრატიაზე, ინვესტორებისთვის კიდევ ერთ გამოწვევას წარმოადგენს შესაბამისი კადრების დეფიციტა, რაც ნებართვების მოპოვების პროცესს უფრო მეტად ახანგძლივებს და პრობლემურს ქმნის. ამ კუთხით ენერგეტიკის სამინისტროს არსებობით, შესაძლებელი იქნებოდა კადრების გადამზადება, რაც შემდგომში ინვეტორებისთვის მეტ სიკეთეს მოიტანდა.

გარდა ამისა, კიდევ ერთი გამოწვევა რაც სექტორს აქვს მოსახლეობაში ენერგეტიკის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების დაბალი დონეა. ენერგეტიკის სამინისტროს არსებობა ამ კუთხითაც მნიშვნელოვანი იქნებოდა პრობლემის გადაჭრის საკითხში, კერძოდ, ენერგეტიკის სამინისტროს შეეძლო ემუშავა სწორედ ამ ცნობიერების ამაღლების ნაწილზე. დღესდღეობით, ეკონომიკის სამინისტროში მცირე გუნდი მუშაობს ენერგეტიკის მიმართულებით, ბევრი საქმის გამო კი ამ კომუნიკაციის ნაწილისთვის ადამიანური რესურსი აღარ ყოფნით.

საბოლოო ჯამში, ენერგეტიკის სამინისტროს არსებობა სექტორში არსებული სხვადასხვა გამოწვევის მოგვარების მხრივ მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. ცხადია, ამ კუთხით დარგის ექსპერტების მხრიდანაც ყოფილა ინიციატივა სამინისტროს კვლავ გაცოცხლებასთან დაკავშირებით. ერთი რამ ფაქტია, არსებული რეალობის გათვალისწინებით ქვეყანას ენერგეტიკის სამინისტრო ნამდვილად სჭირდება.

ავტორი: ნოდარ სირბილაძე