2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები წლიურად 50.5%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს — 8.17 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. წინა თვესთან შედარებით რეზერვების მოცულობა 26.5 მლნ დოლარით არის გაზრდილი.

ამასთან, გაუმჯობესდა საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელიც. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით (ARA metric) განსაზღვრული 100%-იანი ზღვრის პირობებში, საქართველოს მაჩვენებელი 128.7%-ს შეადგენს.

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, საერთაშორისო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტიაა. სებ-ის გრძელვადიანი პოლიტიკა რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტიან მართვას ითვალისწინებს.

2026 წლის იანვარ-აგვისტოში, სავალუტო ბაზარზე არსებული პირობებიდან გამომდინარე, ეროვნულმა ბანკმა რეზერვების შესყიდვა განახორციელა. ამ პერიოდში წმინდა შესყიდვების მოცულობამ ჯამურად 3.12 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

სებ-ის მონაცემებით, ბოლო ორ წელიწადში, 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით, საერთაშორისო რეზერვების მოცულობა გაორმაგდა.

რეზერვების დივერსიფიკაციის მიზნით, ეროვნულმა ბანკმა 2024 წელს ოქროში პირველი ინვესტიცია განახორციელა. 2026 წლის ივნისში კი დამატებით 100 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა. სექტემბრის მდგომარეობით, მონეტარული ოქროს ღირებულება 1.05 მლრდ დოლარს შეადგენს, რაც მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 12.9%-ია.

სექტემბერში სებ-ის მიერ განხორციელებული წმინდა სავალუტო შესყიდვების სტატისტიკა 26 ოქტომბერს გამოქვეყნდება, ხოლო საერთაშორისო რეზერვების განახლებული მონაცემები — 6 ნოემბერს.