კრიტიკულია ახლა (ენერგეტიკული) ინფრასტრუქტურის მიხედვა. ბევრი წელია ეს საკითხი დღის წესრიგში დგას და ახლა უკვე ისეთ ვითარებაში ვართ, რომ სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვრჩება, - ამის შესახებ GREDA-ს აღმასრულებელმა  დირექტორმა მაია მელიქიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, რითაც ელექტროენერგიაზე მოსალოდნელი ტარიფის ცვლილება შეაფასა განაცხადა.

მისი თქმით, გამოსავალი არის მხოლოდ ერთი - რომ ეს ინფრასტრუქტურა რაც შეიძლება სწრაფად იქნეს გამოცვლილი.

"გადამცემი ქსელების უტილიზაციის პერიოდი გახლავთ, დაახლოებით, 25-30 წელი და ცალსახად უნდა ითქვას, რომ ეს გადამცემი ქსელები უკვე 50 წელს ითვლის. ამიტომ სწორედ ამით არის გამოწვეული როგორც ზამთარში ისე ზაფხულში ის ძალიან ხშირი წყვეტები, რომელსაც ადგილი აქვს და რომლითაც ბუნებრივია უკმაყოფილოა მოსახლეობა”, - აცხადებს მაია მელიქიძე.

ცნობისთვის, სემეკმა დროებითი ტარიფი დაადგინა, შედეგად ელექტროენერგიაზე არსებული ტარიფი შემდეგი 3 თვის განმავლობაში შენარჩუნდა -  აღნიშნული 3 თვე კი, მარტის ბოლოს იწურება.

როგორც 2025 წლის ბოლოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პროცესის 3 თვით გადავადებას ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა ითხოვეს. ამასთან, როგორც ნარმანიამ აღნიშნა, ტარიფებთან დაკავშირებით კონსულტაციები ჰქონდათ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან.

ცნობისათვის, ამ დროისთვის თბილისში მცხოვრები აბონენტები, რომლებიც ყოველთვიურად 0-დან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ ერთ კილოვატში 15,041 თეთრს იხდიან. 

bp.ge