თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) დღეს ნეირორადიოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი და ინფორმაციული კვლევაა. ის საშუალებას აძლევს ექიმს ადვილად გამოავლინოს როგორც თანდაყოლილი, ისე შეძენილი პათოლოგიები, რენტგენული გამოსხივების გარეშე.

კლინიკა ,,ნიუ ჰოსპიტალსის’’ექიმი რადიოლოგის,  მაია გაგუას განმარტებით, მრტ განსაკუთრებით სასარგებლოა თავის ტკივილის, მეტყველების, მხედველობის ან სმენის პრობლემების, ასევე საწყის ეტაპზე ანევრიზმის სკრინინგისთვის.

კვლევა უსაფრთხო, უმტკივნეულო და შედარებით სწრაფია, ხოლო საჭიროების შემთხვევაში კონტრასტის გამოყენებით დიაგნოსტიკა კიდევ უფრო ზუსტი ხდება.

იმის გასარკვევად, თუ რა ჩივილების დროს არის რეკომენდებული მრტ, რადიოლოგ მაია გაგუას რამდენიმე კითხვა დავუსვით:

რა არის თავის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია და რა უპირატესობა აქვს მას სხვა დიაგნოსტიკურ კვლევებთან შედარებით?

– თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, აბრევიატურით იგივე მრტ არის ყველაზე ინფორმაციული და ზუსტი კვლევა ნეირორადიოლოგიაში, რომელსაც შეუძლია თავის ტვინის როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი პათოლოგიების გამოვლენა. ერთადერთი პათოლოგიაა თავის ტვინის ტრავმული დაზიანება, სადაც უპირატესობა ენიჭება კომპიუტერულ ტომოგრაფიას, რადგან კომპიუტერული ტომოგრაფიისას ხდება როგორც თავის ტვინის ნივთიერების, ასევე ძვლების შეფასება. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის უპირატესობაა ასევე ის, რომ მას არა აქვს რენტგენული გამოსხივება, კვლევის პრინციპი აქ გამყარებულია მაგნიტურ ველზე, რომელიც აბსოლუტურად უსაფრთხოა ადამიანისთვის.

–რომელი სიმპტომების შემთხვევაშია რეკომენდებული ამ კვლევის ჩატარება?

–ყველაზე ხშირად გავრცელებული სიმპტომი თავის ტკივილია, თუმცა ყველა ტიპის თავის ტკივილის დროს მრტ კვლევა საჭირო არ არის.

კვლევა საჭიროა თუ პაციენტს აწუხებს ძლიერი თავის ტკივილი, რომელსაც თან ახლავს ღებინება,

პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ სისუსტე ხელში ან ფეხში, მეტყველების გაძნელება, მხედველობის ან სმენის დაქვეითება, ყურებში შუილი, უნდა მიმართონ ნევროლოგს. ნევროლოგი თვითონ წყვეტს, რა ტიპის კვლევაა ჩასატარებელი.

– შესაძლებელია საკუთარი სურვილითაც ჩაიტაროს, პროფილაქტიკის მიზნით, რომელიმე დაავადების გამოსარიცხად?

– კი, სკრინინგის მიზნით ერთ–ერთ კარგ კვლევად ითვლება, სწორედ იმიტომ, რომ როგორ უკვე ვთქვი, მას არ აქვს რენტგებული გამოსხივება. პირიქით, არათუ შესაძლებელია, საჭიროცაა – სასურველია ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჩატარებული ჰქონდეს მრტ კვლევა, თუნდაც. თავის ტვინის ანევრიზმის გამორიცხვის მიზნით, ან საწყის ეტაპზე დიაგნოსტირებისთვის და მკურნალობის დროულად დაწყებისთვის.

– რამდენად ხშირად მიმართავენ პაციენტები ამ კვლევას პრევენციული მიზნით?

– სამწუხაროდ, საქართველოში ამ კვლევის ჩატარება პრევენციული მიზნით იშვიათია. ალბათ ეს დაკავშირებულია შიშთან — „რამე არ მქონდეს“, ან დახურული სივრცის შიშთან, რაც მრტ აპარატს აქვს, ან მითთან, თითქოს დასხივება აქვს აპარატს. მრტ-ს დასხივება არა აქვს, აქ არის მხოლოდ მაგნიტური ველი. რენტგენური დასხივე გვხვდება კტ კვლევის დროს, ოღონდ დასხივება მკაცრად კონტროლდება და ამ შემთხვევაშიც კი, წელიწადში ერთი ან თუნდაც რამდენიმე კვლევა საშიში ნამდვილად არ არის.

რაც შეეხება დახურული სივრცის შიშს, აპარატის გვირაბის დიამეტრი ძალიან დიდია, მისი ბოლოები ღიაა, ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვაქვს პაციენტთან კვლევის მსვლელობაში. ნებისმიერი პრობლემის დროს შეგვიძლია კვლევის გაჩერება და პაციენტთან შესვლა. თუ პაციენტს სურს, შესაძლებელია მისი ახლობელიც გვერდით ჰყავდეს, ასე რომ, ყველანაირ კომფორტს ვუქმნით. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ გარდა იმისა, რომ უსაფრთხოა, კვლევა აბსოლუტურად უმტკივნეულოა.

– რა განსხვავებაა კონტრასტულ და უკონტრასტო მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევას შორის და რა შემთხვევაშია აუცილებელი კვლევა კონტრასტით?

– კონტრასტი ეს არის ნივთიერება, რომელიც შეგვყავს ორგანიზმში ინტრავენურად და გვეხმარება დიაგნოსტიკაში, სხვადასხვა პათოლოგიებს შორის დიფერენცირებაში, განსაკუთრებით ხშირად ვიყენებთ ონკოლოგიურ პაციენტებში. რუტინულ კვლევებში ძირითადად კონტრასტი არ გამოიყენება, კონტრასტის გაკეთებას წყვეტს რადიოლოგი კვლევის პროცესში. თუ კონტრასტი საჭირო არ არის, ჩვენ მას არ ვაკეთებთ. თუ დაგვჭირდა მისი გაკეთება, თუ აუცილებელია სწორი დიაგნოზის დასმის მიზნით. მრტ კონტრასტი საშიში არ არის, რადგან მას პრაქტიკულად არა აქვს უკუჩვენებები.

– რა არის ანევრიზმა?

– ანევრიზმა ეს არის სისხლძარღვოვანი პათოლოგია, რომლის დროსაც სისხლძარღვის კედელი არის ძალიან გათხელებული და ნებისმიერ დროს შეიძლება გასკდეს და მოახდინოს თავის ტვინში ან მის გარსებში სისხლჩაქცევა. ეს არის ბომბი თავის ტვინში, იმიტომ რომ ის შეიძლება ნებისმიერ დროს გასკდეს. მისი ვერაგობა კიდევ იმით დასტურდება, რომ გასკდომამდე ის უსიმპტომოა – თუ ძალიან დიდი არ არის, კლინიკურად არ ვლინდება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი და მეტიც, სასიცოცხლოდ აუცილებელია მისი დროული აღმოჩენა.

– მრტ კვლევა სრული სუზისტით გვეტყვის, არის თუ არა ანევრიზმა?

– დიახ, ამის დადგენა შესაძლებელია სწორედ მრტ კვლევით - მრ. ანგიოგრაფიით, რომელიც უკონტრასტო კვლევაა და თითქმის 95%-იანი სიზუსტით შეუძლია გამოავლინოს ანევრიზმის არსებობა. მრ. ანგიოგრაფია იმით არის ასევე მნიშვნელოვანი, რომ ამ დროს ჩვენ არ ვიყენებთ საკონტრასტო ნივთიერებას და არაინვაზიური კვლევაა, განსხვავებით კტ ანგიოგრაფიისგან და დიგიტალური სუბტრაქციული ანგიოგრაფიისგან. ჩვენს კლინიკაში - „ნიუ ჰოსპიტალსში“ შესაძლებელია ამ კვლევის ჩატარება და პაციენტი იქნება მშვიდად, რომ მას ანევრიზმა არა აქვს. თუ აქვს, დღესდღეობით საქართველოში შეიძლება წარმატებულად მისი დახურვა ღია ან დახურული წესით - ენდოვასკულურად.

– არსებობს რაიმე შეზღუდვები პაციენტებისთვის? ასაკობრივი, მაგალითად?

– მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა იმდენად უსაფრთხოა, რომ ის გამოიყენება ორსულებში და ჩვილ ბავშვებში. ერთადერთი შეზღუდვა იყო გულის პეისმეიკერი, თუმცა, დღესდღეობით ესეც არაა პრობლემა, რადგან შეიძლება პეისმეიკერის გადაყვანა მრი-ს რეჟიმზე და კვლევის ჩატარება. კვლევის დასრულებისთანავე პეისმეიკერი გადაჰყავთ ჩვეულებრივ რეჟიმზე. ადრე შეზღუდვა იყო მეტალის იმპლანტებზეც, ახლა ყველა სამედიცინო იმპლანტი მაგნიტთავსებადია, რადგანაც ისინი შექმნილია რბილი მეტალებისგან, რომლებიც მაგნიტურ ველში არ მაგნიტდება.

– როგორ უნდა მოემზადოს პაციენტი თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევისთვის და რამდენ ხანს გრძელდება პროცედურა?

– რამე სპეციალური მომზადება საჭირო არ არის, არც კვების შეზღუდვა. რადგანაც აპარატში ძლიერი მაგნიტური ველია, დროის ეკონომიის მიზნით კარგია, თუ პაციენტი წინასწარ იქნება მზად და არ ჩაიცვამს მეტალის შემცველ ტანსაცმელს. რაც შეეხება ხანგრძლივობას, ეს კვლევა სტანდარტულად გრძელდება 15-20 წუთი. იმისთვის, რომ ეს წუთები სწრაფად გავიდეს და კვლევისას, ააპარატის ხმაურმა არ შეაწუხოს პაციენტი, შეგვიძლია ჩავურთოთ მისთვის სასურველი მუსიკა ყურსასმენებში.