2026 წლის მარტში ადგილობრივი ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 4.3%-ით გაიზარდა და 1.3 ტვტ.სთ შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას Galt & Taggart ავრცელებს.

2026 წლის პირველ კვარტალში გაიზარდა ჰიდროგენერაციაც, რაც ძირითადად ენგურ-ვარდნილის გამომუშავების 70%-იანი ზრდით აიხსნება, თუმცა ეს მეტწილად დაბალი საბაზო ეფექტის შედეგია. მიუხედავად ახალი სიმძლავრეების დამატებისა, ქარისა და ახალი მზის სადგურების წილი ჯამურ მიწოდებაში კვლავ მცირეა და მხოლოდ 0.7%-ს შეადგენს.

შედეგად, 2026 წლის პირველ კვარტალში მოხმარების ნახევარზე მეტი კვლავ თბოგენერაციითა და იმპორტით დაკმაყოფილდა. მიუხედავად იმისა, რომ იანვარსა და მარტში ეს მაჩვენებელი წლიურად გაუარესდა, კვარტლის ჭრილში ქვეყნის იმპორტდამოკიდებულება არსებითად არ შეცვლილა.

„ამავე დროს, ჰიდროგენერაცია 8.6%-ით შემცირდა, რაც მეტწილად ჰიდროლოგიურ პირობებს უკავშირდება. შედეგად, თბოგენერაციისა და იმპორტის ერთობლივი წილი გაიზარდა 34%-დან (მარტი-25) 42%-მდე (მარტი-26), რაც სისტემის გაზრდილ იმპორტ-დამოკიდებულებას და ახალი გენერაციის წყაროების საჭიროებაზე მიუთითებს. ამასთან, თურქეთი განმეორებით გამოჩნდა ტოპ იმპორტიორთა შორის, რაც ჩვენი აზრით იმპორტში გაზრდილ კონკურენციასა და შესაძლო სტრუქტურულ ცვლილებაზე მიუთითებს.  

2026 წლის პირველ კვარტალში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 8.0%-ით გაიზარდა 4.1 ტვტ.სთ-მდე. ჩვენი შეფასებით, ზრდა განსაკუთრებით ცივ ზამთარს და იანვარ-თებერვალში მონაცემთა დამუშავებისა და ფეროშენადნობების სექტორების გააქტიურებას უკავშირდება“, - ნათქვამია ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვაში.