ავანტურულ პოლიტიკური თამაშების ეკონომიკურ ფასს წარმატებული ქართული კომპანიები იხდიან - ასე აფასებს PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი Facebook-ის პირად გვერდზე, რუსული კანონის მიღების შემდეგ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების Bank of Georgia Group-ის, Georgia Capital-ის და TBC Bank Group-ის აქციების ღირებულება მკვეთრ შემცირებას.

„ავანტურულ პოლიტიკურ თამაშებს ყოველთვის ექნება ეკონომიკური ფასი.

ახლა, ამ ფასს იხდის ორი ყველაზე წარმატებული ქართული კომპანია და მისი აქციონერები.

იმის გათვალისწინებით, რომ ეს ორი კომპანია ამავდროულად არის ქვეყნის ორი სისტემური ბანკი, ირიბად, ეს გარემოება უკვე ჩვენ ყველას გვეხება“, - წერს გიორგი ხიშტოვანი.

რა უნდა გააკეთოს მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა ქვეყნის ეკონომიკასა და ბიზნესზე „რუსული კანონის“ მიღებით გამოწვეული გავლენის ეფექტის შესამცირებლად - ამ კითხვით BM.GE-მ PMC კვლევითი ცენტრის დირექტორს მიმართა. მისი თქმით, დღეს მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკურმა გუნდმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან მიმართებით თავისი ცხადი პოზიცია დააფიქსიროს.

„ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ქვეყნის ვიცე-პრემიერია. ვფიქრობ, აუცილებელია მისი პოზიცია მოვისმინოთ რამდენად ხედავს ის ეკონომიკური ტიპის რისკებს იმ ყველაფერთან მიმართებით, რაც ქვეყანაში ხდება. ამ ეტაპზე ლიკვიდური და ძლიერი საფონდო ბირჟა აღმოჩნდა ყველაზე სწრაფი დიაგნოზის დამსმელი თუ რა ხდება საქართველოში. შორეულ ლონდონშიც კი საფონდო ბირჟამ იგრძნო და ასახა ქვეყნის ეკონომიკაში გაზრდილი რისკები და ამის გამოხატულება სწორედ ქართული კომპანიების აქციების დაცემული ფასებია. ეს არის სიგნალი იმის რომ პოლიტიკური კრიზისი უკვე შეიძლება გადავიდეს ეკონომიკურ კრიზისში. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკურმა ბლოკმა უპირველეს ყოვლისა შიდა დისკუსიებში და სასურველია საჯაროდაც, სიგნალები და მესიჯები დააფიქსიროს, რადგან აშკარაა, რომ გლობალური ბაზრის რეაქცია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე უარყოფითია", - აცხადებს ხიშტოვანი.

PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ მიმდინარე პროცესებმა ქვეყნის ეკონომიკის ღიაობასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები გააჩინა და ეკონომიკურმა გუნდმა უნდა შეაფასოს რამდენად მზად არის ქვეყნის ეკონომიკა შექმნილი ვითარებისთვის.

"საქართველო მსოფლიო ეკონომიკის ნაწილია. ჩვენ ჯერჯერობით ვრჩებით ღია ეკონომიკად, რომელიც დასავლური ეკონომიკის ნაწილია. ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ეს ორიენტირი ცოტათი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. შესაბამისად თუ მთავრობის ეკონომიკური გუნდი თვლის, რომ ეს ასე არ უნდა მოხდეს, მან შიგნით და გარეთ უნდა დააფიქსიროს, რომ აღნიშნული პროცესები მაღალ რისკიანია. ჩვენ თუ შეგვიფერხდა ვაჭრობა ევროკავშირთან და აშშ, საქართველო გახდა ბევრად უფრო რისკიანი ეკონომიკა, ეს ქვეყნისთვის არამხოლოდ პოლიტიკურად ცუდი იქნება, არამედ ეკონომიკურადაც. უნდა შეფასდეს რამდენად მზად არის საქართველოს ეკონომიკა ამ ვითარებისთვის. ჩემი აზრით, საქართველოს ეკონომიკა ამისთვის მზად არ არის და ეს სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს", - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.

bm.ge