„ეკონომიკური ზრდის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები გრძელდება - თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ 8.8% შეადგინა, ხოლო ჯამურად იანვარ-თებერვლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 8.4%-ით განისაზღვრა. ჩვენი მოლოდინია, რომ პოზიტიური ეკონომიკური ტენდენციები და მაღალი ეკონომიკური ზრდა 2026 წელსაც შენარჩუნდება“, - ამის შესახებ  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ეკონომიკური ზრდა დივერსიფიცირებულია და მას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს როგორც შიდა მოთხოვნა, ასევე ადგილობრივი ექსპორტის ზრდა.

„ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა ინფორმაციისა და კომუნიკაციების, ტრანსპორტისა და დასაწყობების, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, დამამუშავებელი მრეწველობის, განათლების და სხვადასხვა სერვისების მიმართულებით ეკონომიკური აქტივობის ზრდამ.  აღნიშნული მიანიშნებს, რომ ეკონომიკური ზრდა საკმაოდ დივერსიფიცირებულია“  - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ ფაქტორებს შორის  ვახტანგ ცინცაძემ ასევე ხაზი გაუსვა  საგარეო ვაჭრობის კუთხით დაფიქსირებულ პოზიტიურ ტენდენციებს, მათ შორის, ადგილობრივი ექსპორტის 70%-იან ზრდას.

„ჩვენი მოლოდინია, რომ 2026 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდა და  პოზიტიური ეკონომიკური ტენდენციები შენარჩუნდება, რასაც ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული სტრუქტურული რეფორმები, მათ შორის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარება, რაც, საბოლოო ჯამში, პოზიტიურად აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე“, - აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს