„სატენდერო პირობებიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ შვეიცარიულთან მიმართებით, ჩინური კომპანია გაიმარჯვებს და ეს იქნება ჩინური პროექტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს იქნება ჩინეთიდან დასავლეთში ტვირთების გადასატანად მთავარი შესაძლებლობა“, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა მურად მიქელაძემ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ განაცხადა. 

მისი თქმით, ანაკლიის პორტი საქართველოსთვის ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი პროექტია. თუმცა, ჩინური კომპანიის მიერ პორტის აშენება, საქართველოს უსაფრთხოების იმ გარანტიებს ვერ მისცემს, რასაც დასავლური კომპანიები უზრუნველყოფდნენ. 

„ანაკლიის პორტს საქართველოსთვის 2 მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. ერთი არის ეკონომიკური მიმართულებით, რადგან მას შეუძლია უამრავი სამუშაო ადგილის შექმნა და შემოსავლების გაზრდა და მეორე არის ერთგვარი უსაფრთხოების ბუფერი ანუ გარანტია. 

უსაფრთხოების კუთხით საინტერესოა რომელი მხრიდან ჩაიდება ინვესტიციები ანაკლიის პორტის აშენებისთვის. წინა ჯერზე ყველა კომპანია იყო დასავლური და ბევრჯერ გაესვა ამას ხაზი, რომ ანაკლიის პორტი უნდა აშენებულიყო დასავლური ინვესტიციებით“, - აღნიშნა მურად მიქელაძემ. 

ექსპერტის შეფასებით, ანაკლიის პორტის მშენებლობა დღეს გაცილებით უფრო ძვირი დაჯდება, ვიდრე თავდაპირველი პროექტით აშენების შემთხვევაში იქნებოდა. რამდენიმე წლის წინ სახელმწიფომ ინვესტორებს $50 მლნ-ის გარანტიის მიცემაზე უარი უთხრა, დღეს კი ბიუჯეტიდან მინიმუმ $300 მლნ-ზე მეტის დახარჯვა მოუწევს. 

მისივე განმარტებით, პროექტი 9 ფაზად არის დაყოფილი და პირველი ფაზა $600 მლნ-ის ხარჯს ითვალიწინებს, ხოლო მთლიანად პროექტის ღირებულება $2,5 მლრდ-ია. 

„ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ანაკლიის პორტის პროექტი ჩაიშალა იყო ის, რომ სახელმწიფომ უარი თქვა $50 მლნ-ის გარანტიის მიცემაზე უცხოელი ინვესტორებისთვის. ეს არ იყო გადასახდელი თანხა, იყო მხოლოდ გარანტია, რომ თუ პორტი ვერ მიიღებდა შემოსავლებს, სახელმწიფოს აეღო პასუხისმგებლობა. 

დღევანდელი პროექტით, მშენებლობა 9 ფაზად არის დაყოფილი. პირველი ფაზით გათვალისწინებულია 600 მლნ, რომლიდანაც 51% ანუ მინიმუმ 300 მლნ დოლარზე მეტი უნდა დახარჯოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ პორტის მშენებლობის პირველი ფაზა შესრულდეს. 

სახელმწიფოს ჰქონდა ვალდებულება რომ ზუგდიდიდან ანაკლიამდე აეშენებინა სარკინიგზო და საავტომობილო გზები, რაც 330 მლნ ჯდებოდა, რაც ალბათ კიდევ გაძვირებულია. ამ მიმართულებით 2019 წელს გამოყოფილი იყო 50 მლნ ლარი, თუმცა შესრულება იყო მხოლოდ 3 მლნ. წელს ბიუჯეტით გამოყოფილია 20 მლნ ლარი, თუმცა ეს რას ეყოფა, არავინ იცის“, - განაცხადა მურად მიქელაძემ. 

როგორც მან აღნიშნა, ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვის აუცილებლობა ყოველთვის იარსებებს და ეს პროექტი დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც რამდენიმე წლის წინ იყო.