„ამჟამად ტრანსპორტირება საქართველოს გავლით ხორციელდება, თუმცა ერთ დღეს ტრანზიტი პირდაპირ სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით იქნება უზრუნველყოფილი და ეს დღე არც ისე შორსაა“, - ეს განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა.

რა გავლენას მოახდენს მეზობელი ქვეყნების თანამშრომლობის ეს ნაწილი საქართველოზე, რადიო „კომერსანტის“ ეთერში საკითხზე საქართველოს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ნემსაძემ ისაუბრა.

ირაკლი ნემსაძე მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის პოლიტიკური დაახლოების პროცესის ლოგიკურ დასასრულთან მისვლის შემთხვევაში, საქართველო ტვირთებს გარანტირებულად დაკარგავს, მაგრამ შესაძლებელია, რომ შევქმნათ მარშრუტების საპირწონე, თუ ტვირთების მფლობელებისთვის მიმზიდველ შეთავაზებას გავაკეთებთ.

„აზერბაიჯანის პრეზიდენტმა უბრალოდ ის რეალობა გაახმაურა, რაც ისედაც დგას. მოგეხსენებათ, აზერბაიჯანი იძენს თანდათან კავკასიაში მთავარი ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციას. ეს მისი გეოგრაფიული მდგომარეობითაც არის განპირობებული და არა მხოლოდ. ამ მდებარეობას პარალელურად მიაბეს ღონისძიებები, რაც ნორმალურმა ქვეყანამ უნდა ჩაატაროს - ეს არის ინფრასტრუქტურის გამართვა, იმ პოლიტიკის გატარება, რომელიც მიიზიდავს სხვადასხვა მიმართულებით გადასაზიდ ტვირთებს. მთავარი ამბავი აქ ის არის, რომ თუ აქამდე სომხეთისთვის საქართველო რჩებოდა ერთადერთ სატრანზიტო გასასვლელად ნებისმიერ ქვეყანასთან, უახლოეს მომავალში აზერბაიჯანი სომხეთისთვის გახდება ჩრდილოეთთან დამაკავშირებელი მოსახერხებელი დერეფანი, რომლითაც მას შეეძლება მიიღოს ტვირთები რუსეთიდან, შუა აზიიდან და ამ ტვირთებმა უახლოეს მომავალში საქართველოს გვერდი აუაროს. არ ვფიქრობ, რომ ტვირთებს 100%-ით დავკარგავთ“, - აცხადებს ირაკლი ნემსაძემ.

მისივე თქმით, აზერბაიჯანის გავლით ტვირთების ტრანსპორტირება განსაკუთრებით მოსახერხებელია სომხეთის ცენტრალური და აღმოსავლეთი ზონიდან. დასავლეთი ზონა საქართველოს გავლით ისევ მოსახერხებლად რჩება, მაგრამ არის დამატებითი ფაქტორები - საქართველოსთვისაც და სომხეთისთვისაც ძალიან მტკივნეულია ზემო ლარსის კობი-გუდაურის მონაკვეთის გამშვები ზონა, სადაც ზაფხულში ტურისტული ნაკადების გამო დგება განუზომელი რიგები, ზამთარი კი - კლიმატური პირობების გამო.

„თუ სომხეთი იძულებული გახდა, მთელი თავისი ექსპორტ-იმპორტის მოცულობა აზერბაიჯანის მიმართულებით გადართოს, ასეთ შემთხვევაში დავკარგავთ 1.5-2 მილიონ ტონამდე ტვირთს, რომელიც აქამდე საქართველოს გავლით გაედინებოდა. სავარაუდოდ, ამ დროისთვის არსებული ტვირთბრუნვის 15%-ზეა საუბარი, რომლის დაკარგვასაც უახლოეს მომავალში ველოდებით“, - ამბობს ირაკლი ნემსაძე.