„ავტობუსის ზოლში გადაადგილების უფლება პურის სადისტრიბუციო მანქანებსაც უნდა ჰქონდეს“,- ამის შესახებ „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ bpn.ge-სთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა თბილისის მერიაში უკვე გაგზავნილია და პასუხის მოლოდინშია.
რაც შეეხება სადისტრიბუციო მანქანების პიკი საათში გადაადგილების აკრძალვას, როგორც მალხაზ დოლიძე ამბობს, ეს ე.წ მარშუტკებს, შესაბამისად, პურ-პროდუქტებს არ ეხება.
„თბილისში პიკი საათში გადაადგილების აკრძალვა ეხება ცოტა დიდი ამტანობის მანქანებს და არა „მარშუტკის“ ტიპის დისტრიბუციას. თუმცა, მე მაინც, ჩემი მოსაზრება და ინიციატივა მაქვს. ვფიქრობ, ავტობუსის ზოლში გადაადგილების უფლება პურის სადისტრიბუციო მანქანებსაც უნდა ჰქონდეს. იმიტომ, რომ უამრავი ჯარიმა მივიღეთ შარშან პურის მანქანების გამო, ეს ყველაფერი თვითღირებულებას ხომ აწვება?!
ეს მოსაზრება მინისტრსაც გავუზიარე, პარლამენტში, აგრარულ საკითხთა კომიტეტშიც გამაგზავნინეს წერილი, რომელიც თბილისის მერიას გადაეგზავნა. მერე არჩევნები იყო, დასრულდა და ველოდებით პასუხს.
გასულ წელს ერთმა კომპანიამ პარკირების გამო 30 ათასი ლარის ჯარიმა მიიღო, მეორემ დაახლოებით, 27 ათასი ლარის. არადა, პურს ყოველთვის ჰქონდა განსაკუთრებული წესები, ევროპაშიც ასეა. დისტრიბუტორთა ასოციაციამ იცის ხოლმე თქმა, ზოგადად კვების პროდუქტებზე, მაგრამ ის პროდუქცია, რომელიც შეფუთული გამოდის, თუნდაც სასმელები (არაალკოჰოლური) ღამის საათებში რომ შევიდეს მაღაზიებში, არ შეიძლება?! ზოგადად, თბილისში ღამის დისტრიბუცია მოშლილია, მათ შორის, პური 25% შედიოდა ღამე. ყველა ცივილიზებულ ქალაქში ღამის დისტრიბუცია აუცილებელია. დილით საერთოდ ჩამიჩუმი აღარ არის ამ მანქანების. ღამეს ვგულისხმობ, დილის 6 საათსაც. ყველას უნდა დილას და 9 საათზე. მე ვფიქრობ, პურზეც კარგი იქნება ეს მიდგომა. უბრალოდ, ზოგიერთ მაღაზიაში დღეში 3-ჯერ სჭირდება მომარაგება.
გარდა ამისა, ჩვენთან პრობლემები არქიტექტურულადაც, ვიღაცამ ფართი ნახა, მივიდა გააკეთა მაღაზია, არადა მას უნდა აჰქონდეს ცალკე მიღების ადგილი, საიდანაც მიიღებს დისტრიბუციას, ცალკე საწყობი, ჩვენთან არ არის ასე მოწყობილი. თან ცენტრალურ ქუჩებზეა და საერთოდ არ შეიძლება გაჩერება.
ადრე, ბევრი წლის წინ, ქალაქის მერიაში დაგვიბარებდნენ, დაუძახებდნენ ავტოინსპექტორსაც და პირდაპირ ეუბნებოდნენ, პურის მანქანებს შეეშვით. ახლა კიდევ ოღონდ დააჯარიმონ. ასე არ შეიძლება“,- ამბობს მალხაზ დოლიძე.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 1-ლი იანვრიდან დროის გარკვეულ მონაკვეთში, დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე მანქანების, კერძოდ, M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებისთვის გადაადგილება აიკრძალა. შეზღუდვა 08:00- 11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში მოქმედებს. თუმცა, აღნიშნული აკრძალვა არ ვრცელდებოდა სადისტრიბუციო მანქანებზე. 2025 წლის 1-ლი იანვრიდან, მათთვისაც ამოქმედდა.