ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ამერიკულმა მედია-პლატფორმამ SOMM TV ქართულ ღვინოზე ფილმი გადაიღო.

სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „ღვინის გამოძახილი“ (Echoes of Wine ) SOMM TV-ის ეთერში  1 ივლისიდან განთავსდა.

ფილმი მაყურებელს აცნობს საქართველოს განუმეორებელ ბუნებას, ვენახებს,  ქართული ღვინის კულტურას, ახალგაზრდა თაობის მეღვინეების ძალისხმევას, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქვევრის ღვინის დამზადების უძველეს ტექნოლოგიასა და ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებას. 


საქართველოს, როგორც მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი ქვეყნის, წარმოჩენა SOMM TV-ის რეიტინგულ გადაცემებში, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ცნობადობის და გაყიდვების ზრდას ამერიკის სტრატეგიულ ბაზარზე.


ფილმის გამოსვლას წინ უძღვოდა სტატია-ანონსი „ქვეყანა, რომელიც  მუდმივად გიხმობს: ღვინის გამოძახილი“, რომელიც SOMM TV-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.  „საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც განსაკუთრებული, ღრმა კავშირი აქვს ღვინოსთან. უკვე 8000 წელზე მეტია, რაც უწყვეტად წურავენ ღვინოს და ამ ქვეყანაში არ არსებობს ცხოვრების არცერთი ასპექტი, რომელზეც ამ კულტურას გავლენა არ მოუხდენია. მთებით გარშემორტყმული, ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე ეს უნიკალური მხარე ღვინის ნამდვილ აკვნად იქცა. 8000-წლიანი ისტორიისა და საბჭოთა რეჟიმის რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, რომელმაც საფრთხე შეუქმნა ტრადიციულ მეთოდებს, ქართული მეღვინეობა ნამდვილ აღორძინებას განიცდის“ - აღნიშნულია სტატიაში.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით, SOMM TV-ის გადამღები ჯგუფი საქართველოში მიმდინარე წლის მაისში იმყოფებოდა. SOMM TV-ის წარმომადგენლები 8 მაისს ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრნენ, ასევე ეწვივნენ ქართული ღვინის მარნებს კახეთსა და ქართლში, სადაც ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებსა და თანამედროვე ღვინის კულტურას გაეცნენ.


SOMM TV საერთაშორისო ციფრული მედია-პლატფორმაა, რომელიც სრულად ეძღვნება ღვინოს, გასტრონომიას, მოგზაურობასა და ცხოვრების სტილს. პლატფორმა ამერიკელმა სომელიეებმა და ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა დააფუძნეს. SOMM TV ცნობილია მაღალი ხარისხის დოკუმენტური ფილმებით, სერიებითა და საგანმანათლებლო კონტენტით ღვინის სამყაროზე. მათი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტია დოკუმენტური ფილმების სერია „SOMM“, რომელმაც დიდი აღიარება მოიპოვა როგორც პროფესიონალ სომელიეებს, ისე ღვინის მოყვარულებს შორის.

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს