წლის ბოლოსთვის, ანალიტიკოსები ნავთობის ფასის ზრდას ვარაუდობენ, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კომპანია „მატიოს“ დამფუძნებელმა, რატი მესხიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ზოგიერთი მსხვილი, საერთაშორისო, საინვესტიციო ბანკების მოლოდინით, 2026 წლის მიწურულს 1 ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობის ღირებულება 84-85 დოლარი იქნება.
„ეს ფასი ნავთობის ამჟამინდელ ღირებულებასთან შედარებით, ცხადია, მაღალი იქნება, თუმცა მაინც მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმ ნიშნულს, რასაც ნავთობის ფასმა ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შემდეგ მიაღწია. გვახსოვს, რომ 100-დან 120 დოლარის ფარგლებში მერყეობდა 1 ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობის ღირებულება“, - განმარტა რატი მესხიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, ნავთობი გლობალურ ბირჟებზე 70 დოლარად ივაჭრება.
კომპანია "მატიოს" დამფუძნებელმა „ბიზნესპარტნიორთან“ ბოლო პერიოდში, რუსეთში არსებულ საწვავის დეფიციტზეც გააკეთა კომენტარი.
„რაც შეეხება რუსეთში საწვავის დეფიციტს, ვფიქრობ, ამას გლობალურ სანავთობო ბაზრებზე გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება. სავარაუდოდ, რუსეთი საწვავის იმპორტს მხოლოდ იქამდე განახორციელებს, სანამ ომისგან დაზიანებულ სანავთობო ინფრასტრუქტურას აღადგენს“, - აღნიშნა კომპანია „მატიოს“ დამფუძნებელმა.
ცნობისთვის, რუსეთის მხრიდან საწვავის იმპორტის განხორციელება საკმაოდ უჩვეულო მოვლენაა, ვინაიდან ის თავად არის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ნავთობმწარმოებელი. თუმცა, რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისას, რუსეთის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნები დაზიანდა, რამაც გადამუშავების სიმძლავრე შეამცირა და შიდა ბაზარზე საწვავის დეფიციტი გამოიწვია.
უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი თვეში, დაახლოებით, 400,000 ტონა ბენზინის იმპორტს გეგმავს სხვადასხვა ქვეყნიდან. მაგალითისთვის, 60 ათასი ტონა ბენზინის იმპორტი ინდოეთიდან უკვე დაწყებული აქვს.