აფხაზეთში ელექტროენერგიის მოქმედი ტარიფები ელექტროენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შენახვისა და მოდერნიზაციის ხარჯს სრულად არ ფარავს. ამის შესახებ დე ფაქტო ენერგეტიკის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია.
საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ელექტროენერგიის მომხმარებელი ფიზიკური პირებისთვის ერთი კვტ/სთ-ის ღირებულება ერთი ფაზის შემთხვევაში 1.7 რუბლს (0.02 დოლარს), ხოლო სამფაზიანი დაერთებისთვის 2.2 რუბლს (0.027 დოლარს) შეადგენს. იურიდიული პირები კვტ/სთ-ზე 3.2 რუბლს (0.039 დოლარს) იხდიან. 2022 წლამდე ფიზიკური და იურიდიული პირები კვტ/სთ-ზე შესაბამისად 40 და 80 კაპიკს იხდიდნენ.
1-ლი აგვისტოდან აფხაზეთი ღამის საათებსა და შაბათ-კვირაობით რუსეთიდან კომერციულ ელექტროენერგიას ყიდულობს, რადგან ამ პერიოდებში ფასი ყველაზე დაბალია. თუმცა ამ შემთხვევაშიც კი, დე ფაქტო უწყების შეფასებით, აფხაზეთი ამ ნაკადს, “ელექტროენერგიის საშუალო შეწონილ ტარიფზე ორჯერ მეტ ფასად ყიდულობს.”
“ელექტროენერგიის მოქმედი ტარიფები ეკონომიკურად არ არის გამართლებული და არ ითვალისწინებს ქსელის მოდერნიზაციისა და შენახვისთვის საჭირო ყველა ობიექტურ ხარჯს,“ - წერია განცხადებაში.
დე ფაქტო ენერგეტიკის სამინისტრო განმარტავს, რომ აგვისტოდან ელექტროენერგიის კომერციულ ნაკადებზე 261 მლნ რუბლი (3.2 მლნ დოლარი) დაიხარჯა. რუსეთიდან კომერციული სიმძლავრის ნაკადის შესყიდვა ენგურის ჰიდროელექტროსადგურში გენერაციის დაზოგვის საშუალებას იძლევა და ზამთრისთვის სადგურის კაშხალში წყლის უფრო მაღალ დონეს ინარჩუნებს. შედეგად, 1 ნოემბრის მდგომარეობით ჯვრის წყალსაცავში წყლის დონე, 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 56 მეტრით მაღალი იყო.
დე ფაქტო სამინისტრო აფხაზეთის ელექტროენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ამჟამინდელ მდგომარეობას ცვეთის მაღალი დონითა და მოძველებული ქსელური აღჭურვილობით ახასიათებს. ეს გადაცემის მნიშვნელოვან დანაკარგს და, ზოგიერთ შემთხვევაში, განაწილების ქსელში დაბალ ძაბვას იწვევს.
„სამომავლოდ მასშტაბური ავარიებისა და სიმძლავრის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად, რაც უარყოფითად აისახება ეროვნულ ეკონომიკასა და საზოგადოებაზე, აფხაზეთის ენერგოსისტემა დროულად უნდა იქნეს მოდერნიზებული,“ - წერია განცხადებაში.
დე ფაქტო უწყების მონაცემებით, აფხაზეთში პირველი ცხრა თვის განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარება, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 65 მლნ კვტ/სთ-ით შემცირდა და 1.79 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწია. ეს დანაზოგი, რომელიც 200 მლნ რუბლის (2.5 მლნ დოლარის) ეკვივალენტურია, ელექტროენერგიის დეფიციტის დასაფარად ხარჯის შემცირების საშუალებას იძლევა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ