2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 25 820.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 10.1 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 7 291.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 11.2 პროცენტით), ხოლო იმპორტი 18 529.7 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 9.7 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წელს 11 238.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.5 პროცენტია. ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.

2025 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (1 498.8 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (910.0 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (749.3 მლნ. აშშ დოლარი)

2025 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 2 814.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 38.6 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 378.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.2 პროცენტი), ხოლო სპირტიანი სასმელები მესამე ადგილზეა 282.5 მლნ. აშშ დოლარით (3.9 პროცენტი).