ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა რამდენიმე მსხვილ პოტენციურ ინვესტორთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. როგორც „ჰუალინგის“ თიზ-ის ინვესტორებთან ურთიერთობის უფროსმა, ნუცა ჟღენტმა „ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, საუბარია მზის პანელების მწარმოებელ კომპანიებთან, ქიმიური პროდუქციის მწარმოებლებთან და ხის გადამამუშავებელ საწარმოებთან.
მანვე აღნიშნა, რომ გარდა ამისა, 2026 წელს სრულად ამოქმედდება 2025 წელს დაგეგმილი საწარმოები, რომელთა შორის ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტია ჩინური ფეროშენადნობების წარმოება.
ნუცა ჟღენტის თქმით, ჰუალინგის თიზ-ი 2026 წლისთვის ინფრასტრუქტურის გაფართოებას გეგმავს.
"ზონაში მუდმივად მიმდინარეობის არსებული ინფრასტრუქტურის და პირობების გაუმჯობესება. ვინაიდან მზა შენობა-ნაგებობების უმეტესი ნაწილი ათვისებულია არსებული კომპანიების მიერ, კომპანია 2026 წლისთვის გეგმავს ინვესტიციების განხორციელებას არსებული ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად, რაც მოიცავს: მზა შენობა-ნაგებობების რაოდენობის ზრდას და მათი ხარისხობრივ გაუმჯობესებას.
ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონისთვის ძირითადი გამოწვევები უკავშირდება მაღალ მოთხოვნას მზა ინფრასტრუქტურაზე, გლობალური და რეგიონული ეკონომიკური თუ პოლიტიკური გაურკვევლობის ფონზე ინვესტორების გადაწყვეტილებების გადავადებას. ასევე, გასათვალისწინებელია ის რომ რეგიონში არსებობს კონკურენცია სხვა ინდუსტრიულ ზონებთან. აღნიშნული გამოწვევების საპასუხოდ, ზონა ახორციელებს რამდენიმე მიმართულებით აქტიურ ნაბიჯებს: იგეგმება ინფრასტრუქტურის ეტაპობრივი განვითარება და მოდერნიზაცია, რათა მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს მზარდი მოთხოვნა საწარმოო და სასაწყობო ფართებზე; მიმდინარეობს სამიზნე სექტორებზე ორიენტირებული საინვესტიციო და მარკეტინგული პოლიტიკა, რაც უზრუნველყოფს მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე პროექტების მოზიდვას; გაძლიერებულია ინდივიდუალური მიდგომა ინვესტორების მიმართ, მათ შორის ოპერირების დაწყების პროცესში ადმინისტრაციული მხარდაჭერის შეთავაზება. ზონის სტრატეგიული მიზანია არა მხოლოდ არსებული გამოწვევების დაძლევა, არამედ გრძელვადიანი, მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა და ჰუალინგის თიზ-ის კონკურენტულ საინვესტიციო სივრცედ ჩამოყალიბება", - აცხადებს ნუცა ჟრენტი.
მისივე შეფასებით, ზონის მიმართ მზარდ ინტერესს ჰუალინგის თიზ-ის კონკურენტული უპირატესობებიც განაპირობებს.
"ჰუალინგის თიზ-ის კონკურენტული უპირატესობა განპირობებულია რამდენიმე საკვანძო ფაქტორით: სტრატეგიული ადგილმდებარეობა, რაც ამარტივებს ლოგისტიკასა და ექსპორტზე წვდომას, მზა ინფრასტრუქტურა, მათ შორის სხვადასხვა ზომისა და კატეგორიის შენობა-ნაგებობები, ლიბერალური საგადასახადო რეჟიმი, ოპერირების მოქნილი პირობები. აღნიშნული ფაქტორების ერთობლიობა ზონას განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის მწარმოებელი, ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიებისთვის", - აცხადებს „ჰუალინგის“ თიზ-ის ინვესტორებთან ურთიერთობის უფროსი.