2025 წელს ბათუმში 1.3 მილიარდი დოლარის ღირებულების 17,478 ბინა გაიყიდა - ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვიდან ხდება ცნობილი. წლიურ ჭრილში გაყიდული ბინების რაოდენობა 15%-ით, ხოლო ბაზრის ზომა კი 24%-ით გაიზარდა.
მიმოხილვის თანახმად, 2025 წლის დეკემბერში პირველად ბაზარზე ფასი კვადრატულ მეტრზე საშუალოდ 1 865 დოლარს შეადგენდა, მეორად ბაზარზე კი 1 450 დოლარს. გაყიდვების ყველაზე დიდი ნაწილი - 6,807 ბინა მოდის ახალ ბულვარზე, მეორე ადგილზე 3,993 ბინით არის გმირთა ხეივანი; ძველ ბათუმში 1,727 ბინა, ქალაქის პერიფერიებში კი 1,686 ბინა გაიყიდა.
გაყიდვებში 63.5% მოდის 26-50 კვადრატული მეტრის ფართობის ბინებზე; 51-80 კვადრატული მეტრის ბინებზე გაყიდვების 28.8% მოდის, 81-150 კვადრატულ მეტრზე - 6.9%, 150 კვადრატულ მეტრზე დიდი ბინები კი მთლიანი გაყიდვების 0.8%-ს შეადგენდა.
ფასის მიხედვით, ბიუჯეტურ სეგმენტზე (1000 დოლარზე ნაკლები კვადრატულის ფასი) - გაყიდვების 44% მოდიოდა; 1 001 - 1 500 დოლარზე გაყიდვების 43.9% მოდიოდა, ხოლო $1500-2500-ზე გაყიდვების 9.7% მოდიოდა; 2500+ დოლარის უძრავ ქონებაზე კი გაყიდვების 2.4%.
ფასის ზრდის მიუხედავად ბაზარზე მიწოდების ზრდამ განაპირობა ქირის ფასის შემცირება. ქირა შემცირებულია როგორც ერთდღიანი და მოკლევადიანი ჯავშნების (Airbnb) შემთხვევაში. კერძოდ, თუკი ერთდღიანი ქირის საშუალო ფასი 2023-ში $41.7 იყო, 2024-ში $35.9 შეადგინა, 2025-ში კი $35.6 დოლარი.