საქართველოს ეკონომიკა განვითარებას და ზრდას განაგრძობს. მარტში მშპ 9%-ით გაიზარდა, პირველი კვარტალის საშუალო მაჩვენებელმა კი - 9.3% შეადგინა. შარშან წლის ბოლოს და 2025 წლის დასაწყისში პოლიტიკურ დაძაბულობას ეკონომიკურ განვითარებაზე დიდი გავლენა არ მოუხდენია და ახლა, როდესაც წნეხი საერთოდ მოხსნილია, შემდეგ თვეებში შედეგი კიდევ უფრო უკეთესი უნდა იყოს.
ეკონომისკის სამინისტროს ინფორმაციით, მარტის თვეში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებით დაფიქსირებულმა პოზიტიურმა ტენდენციამ. 2025 წლის მარტში ექსპორტი 8.2%-ით გაიზარდა და 565.8 მილიონი დოლარი შეადგინა.
„2025 წლის პირველ კვარტალში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები წლიურად 2.3%-ით გაიზარდა და პირველი კვარტლის ჭრილში რეკორდული მოცულობა - 826 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
2025 წლის მარტში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა, წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით, 10.8%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 6,270 ერთეულს გაუტოლდა.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სარეიტინგო კომპანიების შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად. სავალუტო ფონდის პროგნოზით, რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა საშუალოვადიან პერიოდში - 2025-2030 წლებში 5.2%-ის ფარგლებში”, - აღნიშნული განცხადებაში.
სამინისტროში იმასაც ამბობენ, რომ წელს ეკონომიკური ზრდა იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ამას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ვარაუდობენ. მათი პროგნოზი 5,5-6%-ია.
თუ მიმდინარე წელს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ 2025 წელი მაღალი ეკონომიკური აქტივობით დაიწყო. კერძოდ, იანვარში მშპ-ს მაჩვენებლმა 11.1% შეადგინა, თებერვალში - 7.7%, ხოლო მარტში 9%-ს გაუტოლდა. შესაბამისად, 2025 წლის იანვარ-მარტის საშუალო მონაცემი 9.3%-ით განისაზღვრა.
ანალიტიკოსები მაღალ ეკონომიკურ ტემპს ელიან შემდგომ თვეებშიც. როგორც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა, საქართველომ სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა შეინარჩუნა, ამიტომ დადებითი ტენდენცია გაგრძელდება.
"ფაქტია, რომ ქვეყანამ ჯერ კიდევ იანვრიდან კარგი სტატარტი აიღო და მაღალი მაჩვენებლით დაიწყო 2025 წელი. ეს პროცესი შემდგომ თვეებში გაგრძელდა და პრინციპში, მარტში ნაჩვენები შედეგი მოსალოდნელიც იყო, გამომდინარე იქიდან, რომ ამ პერიოდში კიდევ უფრო მეტად გამოცოცხლდა ეკონომიკა და პარალელურად ტურისტული მიმართულება უკვე საკმაოდ გააქტიურებულია. შემდეგ თვეებში ჩვენ კიდევ უფრო მეტ დადებით ტენდენციას ვნახავთ. ძირითადად, ყველა მიმართულებით გვაქვს შედეგი, მათ შორის სამშენებლო სექტორის კუთხით და სხვა სფეროებშიც. ფაქტია, რომ ქვეყნის ეკონომიკაში არის დადებითი ტენდენცია და არანაირი გაუარესება არ შეინიშნება.
პოლიტიკური პროცესი, რომელიც, გარკვეულწილად, პრობლემური იყო და შესაძლოა, მცირე გადაცემა ჰქონდა ეკონომიკაზე, ახლა შენელებულია და ამიტომაც, ის ტენდენცია, რომელიც წლის დასაწყისში იყო და გაგრძელდა და შენარჩუნდა ეკონომიკური ტემპიც.
ჩვენ მოვახერხეთ სტაბილური პოლიტიკური თუ ეკონომიკური სიტუაციის შენარჩუნება და ვფიქრობ, ეს ტენდენცია მომდევნო თვეებში, ტურიზმის გააქტიურებასთან ერთად, კიდევ უფრო გამოიკვეთება”, - განაცხადა გიორგი კაპანაძე.
ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ არავითარი ნეგატიური მოლოდინის საფუძველი არ არსებობს საქართველოში. ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე ადასტურებს, რომ პირველი კვარტალის 9.3%-იანი მაჩვენებელი მაღალი შედეგია, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით.
"იანვარსა და თებერვალში საქართველოს ისედაც მაღალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა. წლის პირველ თვეში 11%-ზე ცოტა მეტი იყო მშპ-ს ტემპი, პირველ ორ თვეში კი - 9%-ზე მეტი. ასე რომ, მარტში რატომ უნდა ყოფილიყო სხვა მოლოდინი? ეკონომიკაში ზიგზაგისებური შედეგი არ ფიქსირდება, რომ მაჩვენებელი უცბად ავარდეს და შემდეგ დაეცეს, თანაც ასეთ მოკლე პერიოდში. 2025 წლის პირველი კვარტალი 9.3%-ით ჩავხურეთ და ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია, არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მთელი ევროპის მასშტაბითაც.
კარგი შედეგი ძირითადად განაპირობა იმან, რომ დღგ-ს ბრუნვაა მომატებული 10.6%-ით, ასევე 8.2%-ით ექსპორტია გაზრდილი, რაც პირდაპირ მონაწილეობს ეკონომიკის განვითარებაში. მთლიანობაში კი საგარეო სავაჭრო ბრუნვაა გაზრდილი. მომსახურებაც მაღალ ნიშნულზეა შენარჩუნებული, სადაც, პირველ რიგში, იგულისხმება ტურიზმი. აქედან მიღებული შემოსავალი წლის პირველ კვარტალში სარეკორდოა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, არსებობდა მოლოდინი, რომ მშპ-ს ტემპი იქნებოდა მაღალი, რაც გამართლდა კიდეც.
არათუ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო შეფასებითაც არ იყო იმის მოლოდინი, რომ ეკონომიკა შენელდებოდა, პირიქითი, სავალუტო ფონდმა 6%-მდე გაზარდა წინასწარი პროგნოზი და ეს არ არის შემთხვევითი. როდესაც სავალუტო ფონდი აქვეყნებს, რომ 2025-30 წლებში საქართველოს ექნება რეგიონსა და ევროპაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა (5.2%-ია საშუალო წლიური), უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის კონსერვატული შეფასება. ვხედავთ, რომ როდესაც ჩვენი ეკონომიკის წინასწარი პროგნოზი არის ხოლმე ზომიერი, რეალობა გაცილებით სხვაა და წლის მეორე ნახევარში უფრო მაღალ შედეგზე გავდივართ. მაგალითად, გასულ წლებში წინასწარი პრიგნოზი იყო 5-5.5%, მაგრამ ის წლები დავხურეთ ორნიშნა ეკონომიკური მაჩვენებლებით”, - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.
წყარო; "რეზონანსი”