Yandex Georgia განიხილავს ავტომობილების გაქირავების პლატფორმის გაშვებას, რომელიც პარტნიორებს მისცემს შესაძლებლობას განათავსონ გასაქირავებელი ავტომობილები, ხოლო მომხმარებლებს - შესაძლებლობას, დაათვალიერონ და დაჯავშნონ ისინი Yandex Go აპლიკაციის მეშვეობით. გეგმების შესახებ Yango Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიილ შულეიკომ ისაუბრა Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში. 

შულეიკოს განცხადებით, Yango Group-მა მსგავსი პლატფორმა პირველად Yango Drive-ის ბრენდის ქვეშ დუბაიში დანერგა, სადაც ტურისტების მზარდმა მოთხოვნამ და მომხმარებელთა ჩვევების ცვლილებამ შექმნა საჭიროება მოქნილ წვდომაზე ავტომობილებთან, საკუთრების გარეშე. კომპანია თვლის, რომ მსგავსი მოდელი უფრო მოსახერხებელ საშუალებას შესთავაზებდა ტურისტებსა და საქართველოს ქალაქებს შორის მოგზაურ ადამიანებს გადაადგილებისთვის.

Yandex Georgia არის Yango Group-ის ნაწილი, ეს უკანასკნელი კი არის საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია, რომლის სათავო ოფისი დუბაიშია. დღეს Yango Group-ი მომხმარებელს სთავაზობს ციფრული სერვისების ფართო სპექტრს, მათ შორის მგზავრთა გადაყვანას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებ ინფორმაციას, მიწოდებას, ონლაინ სასურსათო მომსახურებას, რუკებს, გასართობ სერვისებს, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ხმოვან ასისტენტებს და სხვა გადაწყვეტილებებს. კომპანია ოპერირებს 35-ზე მეტ ქვეყანაში ევროპაში, აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ და ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ ამერიკაში.

წყარო: ბიზნეს ინსაიდერი