შპს „ჰოტელეა“ თბილისში საერთაშორისო ბრენდის, Greet by Accor -ის სასტუმროს გახსნას გეგმავს. ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი #4-ში მშენებლობა თვის ბოლომდე უნდა დასრულდეს. კომპანიის ინფორმაციით, პროექტის ჯამური ღირებულება 6.5 მილიონი ევროა.

Greet by Accor საერთაშორისო ბრენდ Greet-ის პირველი სასტუმრო იქნება საქართველოში, რომელიც 4000 კვ.მ ფართობზე შენდება და ჯამში 114 ნომერს გააერთიანებს.

კომპანია „ჰოტელეამ“ მშენებლობის ვადის გახანგრძლივება არქიტექტურის სამსახურისგან წინა წლებში რამდენჯერმე მოითხოვა. უკანასკნელად, გასული წლის ნოემბერში კომპანიამ დასრულების ვადების 4 თვით გადაწევაზე ნებართა მიიღო, რომლის მიხედვითაც, მშენებლობა რამდენიმე დღეში უნდა დასრულდეს.

„შპს ჰოტელეა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ქ.თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილ #4-ში (ს/კ 01.14.14.005.242) ახორციელებს სასტუმროს მშენებლობას. დღეის მდგომარეობით (11.2023) ჩვენი მხრიდან დასრულებულია ობიექტის მშენებლობის ძირითადი კონსტრუქციული და ფასადის მოწყობის სამუშაოები და უახლოეს მომავალში დავასრულებთ ფასადის მოწყობის სამუშაოებს შეთანხმებული პროექტის შესაბამისად, სამწუხაროდ საფასადე მასალის მცირე ნაწილის მოწოდება გვიანდება. მიუხედავად ამისა, მშენებლობის ნებართვის შესაბამისად სამუშაოების სრულად დამთავრება და სამშენებლო მოედნის მოწესრიგებას ვერ ვასწრებთ დადგენილ ვადაში, სამშენებლო კომპანიასთან და სხვა კონტრაგენტებთან შეთანხმებით განვსაზღვრეთ, რომ სამუშაოების შესრულების ვადა დამატებით მოითხოვს მშენებლობის ვადით გათვალისწინებულზე დაახლოებით 4-თვიან მეტ პერიოდს, შესაბამისად პროექტის სამშენებლო ნებართვისა და სამშენებლო დოკუმენტაციის შესაბამისად ექსპლუატაციაში მისაღებად შესაბამის კონდიციამდე მისაყვანად დაგვჭირდება დროის მონაკვეთი 2024 წლის 20 აპრილამდე“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში. 

შპს „ჰოტელეას“ დირექტორი ბულგარეთის მოქალაქე რადოსლავ ცვეტანოვ დუდოლენსკია, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი შპს „ბლექვუდი“, რომლის საბოლოო მფლობელიც დუდოლენსკია. ის 2010-2013 წლებში სს „ენერგოპრო ჯორჯიას” წარმომადგენლისა და გენერალური დირექტორის თანამდებობებს იკავებდა, გარდა ამისა მის სახელს უკავშირდება შპს „კასლეთი 2“ და შპს „ჰიდროლეა“.