ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Uber-ი გერმანული Delivery Hero-ს შესყიდვას ახორციელებს. გარიგების ღირებულება $14.8 მილიარდია და მისი დასრულების შემთხვევაში Uber-ის მფლობელობაში გადავა Delivery Hero-ს შემადგენლობაში არსებული არაერთი საერთაშორისო ბრენდი, მათ შორის საქართველოში მოქმედი Glovo. ამის შესახებ კომპანიების ოფიციალურ განცხადებებშია ნათქვამი.
Uber-მა Delivery Hero-ს აქციონერებს თითო აქციაში 41.50 ევრო შესთავაზა. შეთავაზება 2026 წლის 16 ივლისს გამოცხადდა, ხოლო კომპანიის მმართველმა და სამეთვალყურეო საბჭოებმა გარიგებას მხარი დაუჭირეს. გარიგების ფარგლებში Uber-ი Delivery Hero-ს 100%-ის შეძენას $14.8 მილიარდად აფასებს.
შესყიდვის შედეგად Uber-ის პლატფორმა მნიშვნელოვნად გაფართოვდება და კომპანიების ერთობლივი საქმიანობა 99 ბაზარს მოიცავს. Uber-ის ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, მის მფლობელობაში გადასასვლელ ბრენდებს შორისაა Glovo, რომელიც საქართველოში, სომხეთსა და სხვა ქვეყნებში ოპერირებს. თუმცა Delivery Hero-ს ბიზნესის ნაწილი, მათ შორის 14 ქვეყნის ოპერაციები, ცალკე საინვესტიციო კომპანია SSW Partners-ს უნდა გადაეცეს.
11 ნოემბრის მდგომარეობით, Uber-მა Delivery Hero-ს აქციების 66.56% მოიპოვა. აქციონერებს აქციების გაყიდვის დამატებითი შესაძლებლობა 11-დან 24 ნოემბრამდე აქვთ. მიუხედავად ამისა, გარიგების საბოლოო დასრულება კვლავ დამოკიდებულია კონკურენციისა და სხვა მარეგულირებელი ორგანოების თანხმობაზე. Uber-ის მოლოდინით, ტრანზაქცია 2027 წლის მეორე ნახევარში დაიხურება.