მეცნიერებმა ვენეციის ქვეშ მტკნარი წყლის უზარმაზარი მარაგი აღმოაჩინეს, რომლის ფართობი იტალიის უდიდეს ტბას, გარდას ტბას უტოლდება. ის დაახლოებით 300 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული ქალაქებს კიოჯასა და კავარზერეს შორის, სადაც გვალვა და ზღვის წყლის მოზღვავება საფრთხეს უქმნის მინდვრებსა და ბაღებს.

ეს აღმოჩენა მოულოდნელი აღმოჩნდა მკვლევრებისთვის, რომლებიც სწავლობენ, თუ როგორ აღწევს მარილი ადრიატიკის სანაპიროზე მიწისქვეშა წყლებში. როდესაც მათ 35 მეტრის სიღრმის ორმო გაბურღეს, აღმოაჩინეს, რომ ქვემოთ წყალი გაცილებით ნაკლებად მარილიანი იყო, ვიდრე ზედაპირთან უფრო ახლოს. ის დაცულია თიხის სქელი ფენით, რომელიც ბუნებრივ ბარიერს წარმოადგენს და ხელს უშლის მარილიანი წყლის უფრო ღრმად შეღწევას. 

რეგიონისთვის, რომელიც სულ უფრო მეტად განიცდის წყლის დეფიციტს, ასეთი რეზერვი შეიძლება განსაკუთრებით ღირებული აღმოჩნდეს. გვალვის დროს მდინარეები არაღრმა ხდება და ზღვის წყალი მათ კალაპოტში ადის, რაც მიწისქვეშა წყაროებსა და ნიადაგს ამარილებს. ეს ფერმერებისთვის კულტურების მოყვანას ართულებს, ხოლო თიხის ბარიერის ქვეშ არსებულ მტკნარ წყალს შეეძლო რეზერვის ფუნქცია შეესრულებინა განსაკუთრებით ძლიერი გვალვის შემთხვევაში.

თუმცა, მეცნიერებმა ჯერ ზუსტად არ იციან, რამდენი წყალია მიწისქვეშ დამალული - გარდასთან შედარება მხოლოდ ფართობზე ვრცელდება. ამ რეზერვის გამოყენებამდე მათ უნდა გაარკვიონ, თუ როგორ ხდება მისი შევსება და შესაძლებელია თუ არა წყლის აღება მიმდებარე ტერიტორიისთვის ზიანის მიყენების გარეშე. თუ ზედმეტად დიდი რაოდენობით წყალს ამოტუმბავენ, შესაძლოა, მიწამ დაწევა დაიწყოს, ხოლო მარილიანმა წყალმა ადრე დაცულ ფენებში შეაღწიოს.

ამჟამად, იტალიელი და ხორვატი მკვლევრები, ევროპული SWAMrisk პროექტის ფარგლებში, სენსორების გამოყენებით აკვირდებიან მიწისქვეშა წყლების დონესა და მარილიანობას და ქმნიან კომპიუტერულ მოდელებს. ისინი დაეხმარებიან იმის გაგებაში, თუ როგორ შევინარჩუნოთ აღმოჩენილი რეზერვები და შეძლებენ თუ არა ისინი ერთ დღეს რეგიონის დახმარებას გვალვის დროს.

წყარო: euro-pulse.ru