საქართველოს საბანკო სექტორში ორი ბანკის მაღალი კონცენტრაციის საკითხი და ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოსვლის აუცილებლობა კვლავ აქტუალური გახდა.

გუშინ, 10 ნოემბერს პარლამენტში „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ კანონებში ცვლილებების განხილვისას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის საფინანსო სექტორის დაახლოებით 75-80% ორ ბანკს უჭირავს და ხელისუფლების მიზანია, ბაზარზე ახალი მოთამაშეები გამოჩნდნენ. დეპუტატის თქმით, ახალი საერთაშორისო ბანკების შემოსვლა და ჯანსაღი კონკურენციის ზრდა მომხმარებლებს უფრო ხელსაყრელი საბანკო საპროცენტო პირობების მიღების შესაძლებლობას მისცემს.

„დღეს ჩვენი გამოწვევაა, რომ საფინანსო სექტორის დაახლოებით 75-80% ორ ბანკს უჭირავს - პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტით გვინდა, რომ საფინანსო ბაზარზე ახალი ბანკები და მაღალი კონკურენცია გაჩნდეს! რაც უფრო მაღალი და ჯანსაღია კონკურენცია, ჩვენი მომხმარებელი საუკეთესო საბანკო პროცენტს მიიღებს“, - განაცხადა ბერეკაშვილმა.

„კომერსანტმა“ მოიძია და ერთ მასალაში გააერთიანა ბოლო პერიოდში ამ საკითხზე გაკეთებული განცხადებები და შეფასებები ხელისუფლების, ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლების მხრიდან.

ეროვნული ბანკის პოზიცია - „მაღალი კონცენტრაცია კომპლექსური პრობლემაა“

საბანკო სექტორში კონცენტრაციის საკითხზე არაერთხელ უსაუბრია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავას. 2026 წლის 18 მაისს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე თურნავამ საბანკო სექტორის მაღალი კონცენტრაცია კომპლექსურ პრობლემად შეაფასა.

„ეს არის საკმაოდ კომპლექსური პრობლემა, რომელიც დღეს არ შექმნილა. იცით, რომ ისტორიულად მაღალკონცენტრირებულია ჩვენი საბანკო სისტემა, სადაც ორი წამყვანი საფინანსო ინსტიტუტია და ასე ჩამოყალიბდა წლების განმავლობაში, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ მაქსიმალური ძალისხმევა არ მივმართოთ, რომ ხელი შევუწყოთ კონკურენციას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

თუმცა ეროვნული ბანკის ყველა წარმომადგენელი მაღალი კონცენტრაციის საკითხს ერთნაირად არ აფასებს.

სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი, დავით უტიაშვილი ამბობს, რომ საბანკო სექტორის იმგვარად ჩამოყალიბება, რომ ორ ბანკს ბაზრის 80% უჭირავს, ბუნებრივად მოხდა და პრობლემას არ წარმოადგენს.

„ორ ბანკს ნამდვილად აქვს მაღალი წილი და ცხადია, ორი ბანკის 80%-ს შეიძლება სჯობდეს და ოპტიმალური იყოს, გვქონდეს ოთხი ბანკი, რომლისაც 20-20% აქვს, მაგრამ ნუ გვაქვს ის მოცემულობა, რაც გვაქვს. მეორეა - როგორ მივედით ამ მოცემულობამდე. და ამ მოცემულობამდე მივედით ისე, რომ ეს ორი ბანკი იყო ძალიან ეფექტური, სწრაფად მზარდი, კარგი პროდუქტები დანერგეს, კარგად მართავდნენ ბანკს. ანუ ეს ბუნებრივად მოხდა და მართლაც თუ შევხედავთ, ეს ორივე ბანკი - დამთხვევა არ არის, ხომ? - არის დალისტული ლონდონის საფონდო ბირჟაზე და იშვიათი ქვეყანა არის ჩვენ რეგიონში, ვისაც ერთი ბანკი მაინც ჰყავს ასეთი და ჩვენ გვყავს ორი. ანუ ეს პროცესი მოხდა ბუნებრივად იმ კუთხით, რომ ესენი იყვნენ კარგი ბანკები და ისე განვითარდნენ. ამიტომ ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს არის რაღაც დიდი პრობლემა“, - განაცხადა უტიაშვილმა 2025 წლის 25 დეკემბერს.

საფინანსო სექტორის პოზიცია - „მაღალი კონცენტრაცია პრობლემაა... ჯანსაღი კონკურენტული გარემო მომხმარებელზე აისახება“

საბანკო სექტორის მაღალი კონცენტრაციის საკითხზე ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო განცხადება 2025 წლის აპრილში „პროკრედიტ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ალექსი მატუამ გააკეთა. მან განაცხადა, რომ ორი უმსხვილესი ბანკის მაღალი წილი კონკურენციის თვალსაზრისით პრობლემას წარმოადგენს.

„ჩემი აზრით, საბანკო სფეროს კონცენტრაცია პრობლემაა. ბევრი ამას არ აღიარებს, მაგრამ პრობლემაა. კონკურენტული გარემო არ ნიშნავს, რომ ყველაფერზე ხელმისაწვდომობა ჰქონდეს მხოლოდ ერთ ან ორ ბანკს. კონკურენცია უნდა ნიშნავდეს იმას, რომ კონკურენცია მიმდინარეობს თანაბარი შესაძლებლობებით. როდესაც ჯანსაღი კონკურენტული გარემოა, ეს მომხმარებელზე, რა თქმა უნდა, აისახება. ძალიან რთული საკითხია, რადგან ვითარება კონცენტრაციის ამ დონეზე მივიდა და შემდეგ უკვე რთულია მისი იმგვარად მოდიფიკაცია, რაც ვითარებას შეცვლიდა“, — განაცხადა მატუამ.

მსგავსი პოზიცია დააფიქსირა ფინანსისტმა, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემაც. 2025 წლის 30 მაისს მან განაცხადა, რომ საქართველოს საბანკო აქტივების დაახლოებით 80% ორ უმსხვილეს ბანკზე მოდის და ბაზარს ძლიერი მესამე და მეოთხე ბანკის გაჩენა სჭირდება.

„იცით, რომ საქართველოს საბანკო სექტორი ერთ-ერთი მოწინავეა, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, მაგრამ თავისი სპეციფიკაც გააჩნიათ, იცით, რომ ორი მოწინავე ქართული ბანკი ფლობს მთელი საბანკო აქტივების 80%-ს და ასევე ლონდონის ბირჟაზე არიან ისინი კვოტირებული. ამ თვალსაზრისით კონცენტრაციის მაღალი ხარისხით გააჩნიათ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საბანკო სექტორში რეალურად შეიქმნეს და ჩამოყალიბდეს ზომით მესამე და მეოთხე ბანკი. ეს გამოიწვევს კონკურენციის ზრდას ქართულ საბანკო სექტორში, რომელიც ასევე გამოიწვევს იმას, რომ მომავალში საპროცენტო განაკვეთები შემცირდება“, - განაცხადა კოვზანაძემ.

საბანკო სექტორში კონცენტრაციის საკითხზე განსხვავებული აქცენტი გააკეთა საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ. 2025 წლის 29 სექტემბერს ორი უმსხვილესი ბანკის წილის საბანკო სექტორის აქტივებში შემცირდა და ეს სხვა ბანკების აქტივების ზრდამ გამოიწვია. მისი თქმით, ზრდის ტემპის ასეთი მაჩვენებლებით იზრდება კონკურენცია, შეთავაზებები და მომხმარებლებისთვის უკეთეს სურათიც იქმნება.

„შიდა გადანაწილებაში კონცეტრაციაში 2 მსხვილი ბანკის წილი მცირედით შემცირებულია (2025 წლის 8 თვის მონაცემები). აქ ორ ფაქტორს გავუსვამ ხაზს - შემოვიდა ახალი 2 მიკრობანკი თავისი საკრედიტო პორტფელით, რამაც იმოქმედა და მეორე საკითხი კი ის არის, რომ შედარებით მცირე ბანკების ზრდის ტემპი საკმაოდ მაღალია. ეს იმის წინაპირობაა, რომ ახალი ლიცენზიების გაცემა, ზრდის ტემპის ასეთი მაჩვენებლებით იზრდება კონკურენცია, შეთავაზებები და მომხმარებლებისთვის უკეთეს სურათსაც უნდა ველოდოთ“, - განაცხადა ძნელაძემ.

საერთაშორისო ინსტიტუტების პოზიცია — „მაღალმა კონცენტრაციამ შესაძლოა საპროცენტო მარჟებზე და ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობაზე იმოქმედოს“

საქართველოს საბანკო სექტორის მაღალი კონცენტრაცია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებებშიც მოხვდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2024 წლის საქართველოს ეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით, ორი უმსხვილესი ბანკი ქვეყნის საბანკო სისტემის აქტივების დაახლოებით 80%-ს ფლობდა. IMF აღნიშნავდა, რომ სექტორი კაპიტალიზებული, მომგებიანი და ლიკვიდურია, თუმცა მაღალი კონცენტრაციითა და დოლარიზაციით ხასიათდება.

ფონდის შეფასებით, ბაზრის მაღალი კონცენტრაცია შესაძლოა ერთ-ერთი ფაქტორი იყოს, რომელიც საპროცენტო მარჟებზე და ზოგიერთი კომპანიისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობაზე ახდენს გავლენას. ამასთან, IMF აღნიშნავს, რომ მთლიანობაში საქართველოში საკრედიტო რესურსებზე წვდომა შედარებით მისაღებია და ფინანსებზე შეზღუდული წვდომის მქონე კომპანიების წილი რეგიონის საშუალო მაჩვენებელზე დაბალია. IMF-ის 2025 წლის ანგარიშშიც ხაზგასმულია ფინანსურ მომსახურებაში კონკურენციის გაუმჯობესების მნიშვნელობა. ერთ-ერთ შესაძლო ინსტრუმენტად ღია ბანკინგი და გადახდების ინფრასტრუქტურის განვითარებაა დასახელებული.

მსგავს შეფასებას შეიცავს ავსტრიის ეროვნული ბანკის 2025 წლის ანგარიშიც. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს საბანკო სექტორი კვლავ მაღალი კონცენტრაციით ხასიათდება და ორ უმსხვილეს ბანკზე მთლიანი საბანკო აქტივების 70%-ზე მეტი მოდის. თუმცა, ამავე ანგარიშში დადებითად არის შეფასებული სექტორის კაპიტალის ადეკვატურობა, ლიკვიდობა და მომგებიანობა.

„კომერსანტი“ თემაზე მუშაობას აგრძელებს და საკითხთან დაკავშირებით კომერციული ბანკებისა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლების შეფასებებსაც შემოგთავაზებთ.