მიუხედავად დეკემბრის მძიმე ფონისა, უძრავი ქონების ბაზარმა 2025 წლის პირველ ხუთ თვეში მზარდი დინამიკა აჩვენა, ტრანზაქციები თებერვლიდან ეტაპობრივად აღდგა, ხოლო სექტორმა სტაბილურობა და ბაზრისადმი მაღალი ნდობა შეინარჩუნა, - ამის შესახებ ,,არსის" გენერალურმა დირექტორმა, ბესო ორთოიძემ რადიო "კომერსანტის" ეთერში ისაუბრა.
,,უძრავი ქონების ბაზარზე დეკემბრის თვე ძალიან რთული იყო, თებერვალ-მარტში კი ტრანზაქციები ნელ-ნელა აღდგა. მარტის თვე მაინც ჩამორჩებოდა გასული თვის მაჩვენებლებს, აპრილი გაუთანაბრდა, ხოლო მაისის შედეგები ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა. საბოლოოდ კი შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე წლის ხუთ თვეში საკმაოდ დადებითი დინამიკაა ტრანზაქციების მხრივ, განსაკუთრებით იმ მოლოდინების ფონზე, რაც ზოგადად არსებობდა. უარყოფითი მოლოდინების ფონზე შეიძლება ითქვას, რომ სექტორმა გარკვეული მდგრადობა და სტაბილურობა გამოავლინა. ნდობა ბაზრისადმი გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვა კრიზისების დრო იყო, მაგალითად კოვიდ პანდემიის",- ამბობს ორთოიძე.
მისივე თქმით, ამჟამად უძრავი ქონების ბაზარი, დანაზოგების ინვესტირების ყველაზე სანდო და მოგებიანი სფეროა.
,,სამწუხაროდ, საქართველოში არ არის ბევრი მიმართულება, სადაც შეგიძლია დანაზოგი, იგივე ინვესტიცია განახორციელო და მოგება მიიღო. დეპოზიტებზე საკმაოდ შემცირებულია სარგებელი, რასაც ბანკები იხდიან, ასევე პანდემიის დროს გამოჩნდა, რომ სხვა მიმართულებები საკმაოდ რისკიანი იყო და ბევრმა იზარალა. სწორედ პანდემიის დროს დაიწყო უძრავი ქონების, როგორც საინვესტიციო ქონების მიმართ მასობრივი დაინტერესება. ბოლო წლებში, უძრავი ქონების ბაზარი საკმაოდ განვითარდა; თუ ადრე ადამიანები თანხას ისეთ მშენებლობაში აბრუნებდნენ, რომლის დასრულებაში ეჭვი ეპარებოდათ, დღეს ასეთი მოლოდინები მკვეთრად შემცირებულია და თითქმის აღარ გვაქვს",- აღნიშნა ბესო ორთოიძემ.