ლაგოდეხის პოპულარიზაცია იზრდება - წელს ვიზიტორთა გაორმაგებულ რაოდენობას ველოდებით, - ამის შესახებ ლაგოდეხის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე თქმით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აპრილ-მაისში ვიზიტორთა რაოდენობა უკვე 61%-ით არის გაზრდილი.

"ლაგოდეხში წლევანდელი ტურისტული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, შეიძლება ითქვას, რომ საგრძნობლად არის გაზრდილი. ძირითადად ვიზიტორები დაცულ ტერიტორიებს, ლაგოდეხის ნაკრძალს სტუმრობენ. შარშან ამავე პერიოდში 1283 ვიზიტორი გვყავდა, ხოლო წელს აღნიშნული მაჩვენებელი 2082-მდე გაიზარდა. შემდგომ თვეებში ჩვენ კიდევ ველოდებით ზრდას და რაოდენობა სავარაუდოდ, გაორმაგდება. პანდემიამდე მაჩვენებელი შედარებით დიდი იყო, თუმცა ვფიქრობ, რომ წელს უკვე შეინიშნება ის ტენდენცია, რომ აღნიშნულ მაჩვენებლებს დავუბრუნდეთ", - აცხადებს ჯონდო მდივნიშვილი.

მისივე ინფორმაციით,  ვიზიტორთა უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა. 

"დაცულ ტერიტორიებზე პირველ ადგილზეა ქართველი ვიზიტორები, შემდეგ გერმანია, რუსეთი, ჰოლანდია, ბრიტანეთი, აშშ, საფრანგეთი და ისრაელი. ამ ეტაპზე აზიური ქვეყნებიდან შესამჩნევი რაოდენობის ტურისტული ნაკადები არ არის, თუმცა გამორიცხული არაფერია. აქტიური ტურისტული სეზონი ახლა დაიწყო და შესაძლებელია, ვიზიტორების ზრდა აზიური ქვეყნებიდანაც იყოს", - აღნიშნავს ლაგოდეხის მერი.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს - ჯონდო მდივნიშვილი აცხადებს, რომ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია და მუნიციპალიტეტის მერია კოორდინირებულად მუშაობს.

"სამუშაოები მიმდინარეობს როგორც მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის და სხვადასხვა პროექტების კუთხით, ისე დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ კონკრეტულად დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით. კერძოდ, დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, მდინარეზე 3 ხიდი მოეწყო, ასევე, 10 ფანჩატური და სანიტარულ-ჰიგიენური კვანძები. გარდა ამისა, დაცულ ტერიტორიებზე მოწყობილია მოსასვენებელი სკამები და ტურისტული თავშესაფარი. ფაქტობრივად, ტურისტული ბილიკები, რომელიც 130 კმ-მდეა და სხვადასხვა თანმდევი ინფრასტრუქტურაც ეწყობა, მათ შორის, საგანმანათლებლო დაფებით და ინსტალაციები. საკმაოდ ინტენსიურად მიდის სამუშაოები. ამ ეტაპზე ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე კარვის განსათავსებელ სპეციალურ ადგილებზე საშხაპეების მოწყობა მიმდინარეობს, რომელიც მზის ენერგიას გამოიყენებს. 

ამასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან, ტურისტული ინფრასტრუქტურის ხელშეწყობის მიზნით საკმაოდ სოლიდური თანხები იხარჯება, რადგან მუნიციპალიტეტი რაც უფრო მომზადებულია და რაც უფრო მოწესრიგებულია სატრანსპორტო ქსელი, ეს რა თქმა უნდა, ტურისტულ პოტენციალზეც აისახება. 

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მუნიციპალიტეტში 40 000 კვ.მ-ზე ახალი რეკრეაციული, მრავალფუნქციური სივრცე მოეწყო, რომელიც მოიცავს: საფეხბურთო მოედანს, ღია ტიპის კაფეს, საბავშვო გასართობ ატრაქციონებს, ხელოვნურ ტბას და მწვანე ნარგავებს. რეკრეაციული სივრცე შშმ პირებისთვის სრულად ადაპტირებულია. აღნიშნული პროექტის საინვესტიციო ღირებულება 11 მლნ-ს შეადგენს. შესაბამისად, მუნიციპალიტეტში მუშაობა კოორდინირებულად მიმდინარეობს", - აცხადებს ჯონდო მდივნიშვილი.

ცნობისთვის, ლაგოდეხის ნაკრძალი პირველი ბუნების ნაკრძალი საქართველოში. ლაგოდეხის ხეობა ნაკრძალად ოფიციალურად  1912 წელს გამოცხადდა ნაკრძალად.

bp.ge