ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ “ქართუ” ფონდს საქნახშირის მფლობელის ვალი აქვს. საქნახშირი თავის მხრივ არის კომპანია, რომელიც ტყიბულის შახტების ინვესტორია.
“სტიილ ინთერნეიშენალ ტრეიდინგ კომპანის” ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს “ქართუს” 138 742 222 ლარი ასესხეს 7-10%-ანი განაკვეთით. “ქართუს” ამავე წელს უნდა დაებრუნებინა სესხი, თუმცა ასე არ მოხდა, რის გამოც სესხის თანხა 146 860 446 ლარამდე გაიზარდა.
“ჯგუფს აქვს გასესხებული თანხა ა(ა)იპ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ ქართუზე. პირველადი ხელშეკრულება ითვალისწინებდა სესხის ძირისა და მასზე დარიცხული პროცენტის ვადის ბოლოს დაფარვას და დაფარვის ვადად განსაზღვრული იყო 2022 წლის 31 დეკემბერი. თუმცა 2022 წლის 30 დეკემბერს მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაფარვის ვადად განსაზღვრულიყო 2024 წლის 31 დეკემბერი.
ხელმძღვანელობამ შეაფასა სესხის დაბრუნებადობა მსესხებლის საქმიანობის შესახებ არსებული ინფორმაციის, ასევე გახანგრძლივებული ხელშეკრულების პირობების საფუძველზე. ამ შეფასებიდან გამომდინარე, მენეჯმენტი ელოდება, რომ სესხი სრულად იქნება ამოღებული ვადის გახანგრძლივებულ თარიღამდე. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება მნიშვნელოვან დაშვებებს მსესხებლის უნარის შესახებ, შეასრულოს თავისი ნაკისრი ვალდებულებები სესხის დარჩენილი ვადის განმავლობაში”, – აღნიშნულია ფინანსურ ანგარიშში, რომლის შესახებაც ინფორმაცია თავდაპირველად Bm.ge-იმ გაავრცელა.
ამავე ანგარიშის თანახმად, საქნახშირის მფლობელ კომპანიას 2023 წელს 359,027,865 ლარის ოდენობის შემოსავალი ჰქონდა.
ანგარიშიდან ასევე ირკვევა, რომ 2021 წელს კომპანიამ შეიძინა 63 ცალი ბიტკოინი (Bitcoin), რომელთა შესყიდვის ღირებულება ოპერაციის თარიღისთვის შეადგენდა 8,562,283 ლარს.
25 დეკემბრის მონაცემებით, 1 ბიტკოინის ღირებულება 98 ათასი აშშ დოლარია. შესაბამისად, 63 ერთეულის ფასი 6 მილიონ აშშ დოლარზე მეტია.
გუშინ, 24 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ საქნახშირმა ოპტიმიზაციის საბაბით ტყიბულის შახტებიდან 38 თანამშრომელი გაათავისუფლა.
როგორც ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა ნეტგაზეთს განუცხადა, კომპანიის წარმომადგენელმა მას უთხრა, რომ კრიზისია და ფულის დაზოგვას ცდილობენ.
2019 წლის სექტემბრიდან ტყიბულის ინვესტორი კომპანია GIG ჯგუფი ჩაანაცვლა Steel International Trade Company-მ.