მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისში, ნაკადულის ქუჩის და გარდაბნის გზატკეცილის მიმდებარედ თვითნებური კანალიზაციის სისტემის შეცვლას გეგმავს - ამას ითვალისწინებს ფონდის მიერ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტაცია, საიდანაც ირკვევა, რომ გარდაბნის გზატკეცილის და ნაკადულის ქუჩის მიმდებარედ არსებული დასახლების ნაწილის - კერძო სახლების კანალიზაცია თბილისის ცენტრალურ საკანალიზაციო სისტემაზე არაა დაერთებული და ის პირდაპირ მტკვარში ჩაედინება.

აღნიშნული ზონა სულ რამდენიმე ასეული მეტრით არის დაშორებული იმ ტერიტორიიდან, რომელზეც კომპანია Eagle Hills-ი თბილისის პროექტის განვითარებას გეგმავს.

როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ წარდგენილ განცხადებაშია აღნიშნული, კანალიზაციის სისტემის მოწყობა თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი მაგისტრალის ფონიჭალის მონაკვეთის მშენებლობის პროექტში იგეგმება. შესაბამისად, კომპანია, რომელთანაც მაგისტრალის მშენებლობის კონტრაქტი გაფორმდება, ვალდებული იქნება ფონიჭალის დასახლებაში კანალიზაციის სისტემაც მოაწყოს და ის ცენტრალურ შემკრებ კოლექტორს დაუკავშიროს.

"საპროექტო გზის მიმდებარედ, მოსახლეობას საკუთარი ძალებით მოწყობილი აქვს წყალარინების სისტემა, რომლის მეშვეობითაც წყლის ჩაშვება ამჟამად პირდაპირ მტკვარში ხდება. პროექტი გულისხმობს შემკრები სისტემის და სატუმბი სადგურის მოწყობას ახლომდებარე კოლექტორში გადასატუმბად. საპროექტო გადაწყვეტილებით არსებული მონაკვეთი იყოფა ორ ზონად, საიდანაც ჩამდინარე წყლები შეიკრიბება თვითდენით კოლექტორებში საერთო სიგრძით 1 462 მეტრი, რომლებიც დაბალ ნიშნულებზე მოსაწყობი ორი სატუმბი სადგურის #1 და #2 საშუალებით გადაიტუმბება არსებულ ძირითად გამყვან კოლექტორში", - ნათქვამია პროექტის გზშ დოკუმენტაციაში.

არსებული პროექტის თანახმად, თბილისი-რუსთავის მაგისტრალის 3.6-კილომეტრიანი მონაკვეთი აშენდება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რითაც ის გვერდს აუვლის ფონიჭალის დასახლებას, სადაც მაგისტრალის მშენებლობა 2019 წელს მოსახლეობის პროტესტის გამო შეწყდა. აღნიშნულიდან გამომდინარე მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაქირავებულმა საინჟინრო კომპანიამ მოამზადა განახლებული პროექტი, რომლითაც მაგისტრალის 1.6-კილომეტრიანი მონაკვეთი გადავა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რისთვისაც ორი - 211 და 170 მეტრის სიგრძის ხიდი უნდა აშენდეს. სწორედ აღნიშნულ ზონაში, სადაც მაგისტრალმა უნდა გაიაროს, სახელმწიფოს მიერ დაქირავებულმა კონტრაქტორმა წყალარინების სისტემაც უნდა მოაწყოს.

bm.ge