2024 წელს Veli.store-ის ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელი ტურბულენტურს უწოდებს. გიორგი ბერეჩიკიძემ გასული წელი ,,კომერსანტის’’ შემაჯამებელ ეთერში შეაჯამა. მისი განცხადებით, 2024 წელს კომპანიას სამოქმედო გეგმის მუდმივად გადახედვა უწევდა. თუმცა გიორგი ბერეჩიკიძე აღნიშნავს, რომ გასული წელი Veli.store-ისთვის წარმატებული იყო, რადგან კომპანია კიდევ გაიზარდა.
,,მოლოდინები 2024 წელს ბევრად უფრო მაღალი გვქონდა წლის დასაწყისში, ვიდრე წლის ბოლოს აღმოვჩნდით. თუმცა, წინა წელთან შედარებით 2024 წელს შედარებით დიდები ვართ. ჩვენი მოლოდინები დროთა განმავლობაში მაინც დაკორექტირდა. ტურბულენტური წელი იყო. არ იყო ეს მხოლოდ ჩვენთვის, ეს იყო მთელი ქვეყნისთვის. წელიწადში რამდენჯერმე გვიწევდა ჩვენი სამოქმედო გეგმის თუ რაღაც კონკრეტული რიცხვების გადახედვა და დაკორექტირება.’’- განაცხადა ,,კომერსანტის“ შემაჯამებელ გადაცემაში გიორგი ბერეჩიკიძემ.
კომპანიის საქმიანობის შეჯამებაზე საუბრისას გიორგი ბერეჩიკიძემ აღნიშნა, რომ კომპანიის ზრდის პარალელურად საჭიროა გამართული საოპერაციო სისტემა. სწორედ ამიტომ, Veli.store-მა პროდუქციის სამ საათში მიწოდების ფუნქცია დანერგა. კომპანიამ საძიებო სისტემაში ხელოვნური ინტელექტი დანერგა, რაც მომხმარებელს სასურველი პროდუქტის მოძებნაში ეხმარება. გიორგი ბერეჩიკიძემ აღნიშნა, რომ ინდუსტრიის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ყველამ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგა უნდა დაიწყოს, რათა სექტორი განვითარდეს.
,,რეალურად, იმდენად გავიზარდეთ, რომ თუ კი ტექნიკურად არ იქნა გამართული მთლიანად სისტემა, ოპერაციების შეუფერხებლობა მერე უკვე მომხმარებლის გამოცდილებაზე ეგრევე აისახება. სამ საათში მიტანის ფუნქცია გვაქვს, რომლითაც მომხმარებელი ყველაზე აქტიურად სარგებლობს. 2024 წელს ჩვენ დროც მეტი გამოგვიჩნდა და ჩვენი მასშტაბებიდან გამომდინარე უკვე სხვანაირად ოპერირება რომ აღარ შეგვეძლო, მთელი წელი დავუთმეთ შიდა პროცესებისა და განსაკუთრებით, თავად ოპერაციების ავტომატიზაციას, გაუმჯობესებას, რომ ჩვეული მოქმედება უფრო სწრაფად და უფრო ეფექტურად შესრულდეს. მომხმარებელმა სწრაფად რომ მოძებნოს პროდუქცია დავნერგეთ პირველი სატესტო ვერსია AI ძიების ველის გვერდზე. აი რამდენიმე კვირის წინ გავუშვით და უკუკავშირსაც ვიღებთ. მთავარი ამოცანა, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთლიან ინდუსტრიას რომ შევხედოთ, არის ზუსტად ეს რომ რადგანაც მთელი ინდუსტრია მასშტაბირდება და ჩვენ წამყვანი ვართ, ლოკომოტივი ამ შემთხვევაში, ძალიან საგრძნობია, რომ აქ ტექნოლოგიების აქტიური გამოყენება თუ არა იქნა, ასე E commers-ი ვერ გაიზრდება.’’- განაცხადა გიორგი ბერეჩიკიძემ.
,,კომერსანტის“ შემაჯამებელ გადაცემაში მძაფრი კონკურენციის პირობებში Veli.store-ის შემდგომ განვითარებასა და სამოქმედო გეგმებზეც ისაუბრეს. კომპანიის ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელის განცხადებით, Veli.store მომხმარებელზე ორიენტირებულია და მათ კომფორტს სთავაზობს, რითაც ის კონკურენტებისგან გამოირჩევა. გიორგი ბერეჩიკიძემ აღნიშნა, რომ დღეს ბაზარზე საერთაშორისო კომპანიების შემოსვლამ კონკურენცია კიდევ უფრო გაამძაფრა, რადგან ეს კომპანიები მომხმარებლებს ერთ სივრცეში მილიონობით პროდუქტს სთავაზობენ.
,,პირველი უპირატესობა, რა თქმა უნდა არის მომხმარებელზე ორიენტირებულობა და ის კომფორტი, რასაც ჩვენ ვქმნით, რომელიც უბრალოდ შეუდარებელია. ანუ, ეს ისეთი უპირატესობაა, რომ ჯერჯერობით ლოკალურ ბაზარზე გამეორება ბევრს უჭირს მსგავსი სერვისის. საერთაშორისო კომპანიების საოპერაციო ნაწილიც ხვდებით, რომ საფოსტო მომსახურებაზეა მიბმული და დროში გაწელილია, თუმცა ამ უპირატესობის მიღმა, მინდა რომ პროდუქციის ნაწილსაც შევეხო. საერთაშორისო კომპანია იქნება ეს ,,ტემუ’’, ,,ამაზონი’’ თუ ,,ტრენდიოლი’’, მათი მთავარი უპირატესობა ალბათ არის ფასი და არჩევანი პროდუქტების. მილიონობით პროდუქტი ერთდროულად, ერთ პლატფორმაზე არის განთავსებული. თუმცა ჩვენ რადგანაც ლოკალურად ვართ, ასეთი სტრატეგიით მივდივართ, რომ გვქონდეს ის ძირითადი საყოფაცხოვრებო თუ ყოველდღიური მოხმარების, პროდუქტების ის 20%, რომელიც შეადგენს მოხმარების 80%-ს. ამით უზრუნველვყოფთ ფაქტობრივად ყველა მომხმარებლის დაკმაყოფილებას ისე, რომ ჩვენც არ დაგვიდგეს მაგალითად ,,ტემუს’’ ხელა საწყობის საჭიროება. სამ მილიონიან ბაზარზე ვოპერირებთ და პარალელურად ვცდილობთ, რომ ისეთი პროდუქტებიც გვქონდეს, კონკურენციაში თუ შევდივართ საერთაშორისო ოპერატორებთან, ამაზონის ბესთ სელერები გვაქვს. მაგალითად სილამაზისა და თავის მოვლის მიმართულებით, რაღაც პროდუქტები მოგვაქვს ჩვენც და ვტესტავთ ქართულ ბაზარზე და თავად ჩვენ ვახორციელებთ იმპორტს, რომ აქვე გავხადოთ ხელმისაწვდომი პროდუქტები, რაც მომხმარებლისთვის საინტერესო იყო, თუნდაც თურქულ ბაზარზე, თუნდაც სხვა ბაზრებზე.’’- განაცხადა გიორგი ბერეჩიკიძემ.
გასულ წელს, Veli.Store-ზე ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები საშუალო და მაღალფასიანი, მაღალხარისხიანი საყოფაცხოვრებო ტექნიკა იყო. ყველაზე ხშირად მომხმარებელი სამზარეულო ტექნიკასა და თავის მოვლის საშუალებებს იწერდა. კომპანიის ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ პროდუქტების ნაწილზე მაღალი მოთხოვნა სეზონურობას უკავშირდება. მაგალითად, წინასაახალწლოდ კომპანიამ დიდი რაოდენობის ნაძვის ხე გაყიდა.