„ფაქტობრივად, გადარჩენის რეჟიმში ვმუშაობთ“ - აცხადებს მესტიაში მოქმედი სასტუმრო „ფალიანის“ დამფუძნებელი ეკატერინე გველესიანი BMG tv-ის გადაცემა #რედაქტ2-თან ინტერვიუში და განმარტავს, რომ წელს ტურისტების რაოდენობის 20%-იანი ზრდის მიუხედავად, მათი შემოსავლები არ გაზრდილა, თუმცა ხარჯები ყოველწლიურად მზარდია.

ტურისტული ბიზნესის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით და იმის გამო რომ ამ ტიპის სარესტორნო მომსახურებაზე მოთხოვნა წელს არ ყოფილა, სასტუმროსთან არსებული რესტორანი არ გაუხსნიათ.

„წლიურად სასტუმროს დატვირთულობა 20%-ით გაიზარდა, ანუ ზაფხულის ტურისტული სეზონის პიკზე დაახლოებით 85-90%-მდე დატვირთულობას მივაღწიეთ, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ბუნებრივია, ეს ძალიან კარგია მოკლევადიან პერსპექტივაში, თუმცა ეს ძირითადად ფასების შემცირების ხარჯზე მოვახერხეთ. შესაბამისად, ჯამურად შემოსავალი მნიშვნელოვნად არ გაზრდილა.

ჩვენ სასტუმრო „ფალიანის“ ტერიტორიაზე რესტორანიც გვაქვს, რომელიც წელს არ გაგვიხსნია, იმიტომ რომ მოთხოვნა აღარ იყო, ანუ ასე ვთქვათ, საშუალოზე მაღალი დონის სეგმენტი, რომელიც კვებაზე მეტ ფულს ხარჯავს, წელს სვანეთში აღარ ყოფილა და მოთხოვნის არარსებობიდან გამომდინარე, იძულებული გავხდით რესტორანი დაგვეხურა.

ჩვენი დაკვირვებით, წელს შედარებით დაბალ სეგმენტზე ორიენტირებული რესტორნები ასე თუ ისე მუშაობდნენ, ჩვენი რესტორანი უფრო მაღალი კლასის არის და მოთხოვნა ასეთი ტიპის რესტორანზე არ ყოფილა. ეს მხოლოდ ჩვენი სასტუმროს არ ეხება, ზოგადად, ასეთი ტენდენციაა. აზიიდან შემოსულ სტუმრებს კვებაზე დღის განმავლობაში დაახლოებით 10 დოლარის ფარგლებში აქვთ ხოლმე ბიუჯეტი. ეს იმდენად მცირე თანხაა, რომ, ბუნებრივია შეუძლებელია მოვერგოთ ამ მოთხოვნას, იმის გათვალისწინებით, რომ ფასები პროდუქტზე ყოველწლიურად იზრდება, ხარჯები ყოველწლიურად გვეზრდება, პერსონალის ხელფასებიც უნდა ყოველწლიურად გავზარდოთ. აქედან გამომდინარე, როდესაც ბიზნესს ხარჯები ასე ეზრდება ხარჯები, შეუძლებელია, რომ გადარჩენა მოახერხოს, როდესაც ფასების შემცირება უწევს“, - აღნიშნა სასტუმრო „ფალიანის“ დამფუძნებელმა.

#რედაქტ2-ის კითხვაზე როგორ ახერხებს ბიზნესი გადარჩენას, სასტუმროს მფლობელი ამბობს, რომ ამას ხარჯების შემცირებით ახერხებენ.

„ფაქტობრივად, გადარჩენის რეჟიმში ვმუშაობთ. მინიმუმამდე გვაქვს დაყვანილი ხარჯები, ანუ, რაც შეიძლება, შემცირებული გვაქვს ყველანაირი ხარჯი. რესტორნის დახურვაც ამ კუთხით იყო ერთადერთი გამოსავალი, რომ ხარჯები შეგვემცირებინა და ჩვენს შემთხვევაში პრინციპში, ნორმატივად იქცა, ასე გადარჩენისთვის მუშაობა“, - აღნიშნა ეკატერინე გველესიანმა და მიმდინარე წლის 9 თვეში სტუმრების შეცვლილ გეოგრაფიაზე ისაუბრა: „წელს ადგილობრივი დამსვენებლების წილი წილით წინა წლებთან შედარებით, დაახლოებით 30%-მდე გაიზარდა. ადრე ადგილობრივების მხრიდან ასეთი ინტერესი არ იყო ხოლმე. ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია და ძალიან გვიხარია. რაც შეეხება სხვადასხვა ქვეყნებს, ჩვენთან მრავლად იყვნენ სტუმრები ჩინეთიდან, ასევე ინდოეთი ერთ-ერთი ახალი ბაზარია. ევროპიდან წელს ტურისტები პრაქტიკულად, არ გვყოლია. მხოლოდ თითო-ოროლა ჯგუფი გვყავდა ძველი ბაზრებიდან, როგორიც არის, მაგალითად, ავსტრალია. წელს 10-ჯერ უფრო ნაკლები ტურისტი გვყავდა იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ადრე იყო ჩვენი ქვეყნის სამიზნე კატეგორია იყო. ძირითადად, არის ჩინეთიდან, ინდოეთიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან, პაკისტანიდან და აზიის სხვა ქვეყნებიდან გვსტუმრობდნენ“.

bm.ge