საგადასახადო შეღავათებთან ერთად, IT ბინადრობის ნებართვის მექანიზმი საქართველოს კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, არარეზიდენტი სპეციალისტები მარტივად დაასაქმონ და მათ ქვეყნის ტერიტორიიდან მუშაობის უფლება მისცენ, - ამის შესახებ კომპანია Making Science Sweeft-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თემო მაღრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკისა და სექტორის სტაბილურ განვითარებას უწყობს ხელს.

"IT სექტორისთვის საგადასახადო შეღავათები და IT ბინადრობის ნებართვა ამოქმედებულია. კომპანიებს, რომლებსაც სურთ, რომ დასაქმებული ჰყავდეთ არარეზიდენტი პირები, მათ ეძლევათ IT რეზიდენტის სტატუსი და ეძლევათ საქართველოდან მუშაობის უფლება. რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას აძლიერებს, რადგან აქ გადახდილი ხელფასი ისევ ქვეყანაში რჩება.  კონკრეტულად Making sciences-ს ბევრი ასეთი თანამშრომელი არ ჰყავს, მაგრამ ჩვენ ვეხმარებით იმ კომპანიებს, რომლებსაც ამის საჭიროება აქვთ. როდესაც კომპანიას თანამშრომელი საქართველოში ჩამოჰყავს მათ სტაბილურობის შეგრძნება უნდა ჰქონდეთ და არ უნდა იფიქრონ როდის გაუვათ საქართველოში ცხოვრების უფლება. შესაბამისად, IT ბინადრობის უფლება ბევრ კომპანიას უმარტივებს მომავლის დაგეგმვას ჩვენს ქვეყანაში", - აცხადებს თემო მაღრაძე.

რაც შეეხება ფინტექ მიმართულებას - Making Science Sweeft-ის აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, აღნიშნული სექტორის განვითარება კვლავ გამოწვევებთანაა დაკავშირებული.

"ყველა კომპანია, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს ყოველდღიურად არის გამოწვევების წინაშე, მაგრამ როგორც IT ასოციაციის ფარგლებში, ისე სახელმწიფოს მხრიდან ამ გამოწვევების მოგვარებაში მათ დახმარება აქვთ. ის გამოწვევები რაც არის - ბინადრობის უფლება, ქვეყანაში კვალიფიციური კადრები, განათლების სისტემის ჩამოყალიბება და ასევე, ანაზღაურების კუთხით ზრდა - ეს ყოველდღიური გამოწვევებია, რომელიც გვარდება”, - აცხადებს თემო მაღრაძე.

Bp.ge