ბაზისბანკის ოფიციალური სპონსორობით, 8-13 სექტემბერს, მესტიამ, სვანეთის V საერთაშორისო კინოფესტივალს უმასპინძლა.

სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი „დალი“, რომელიც 2021 წელს რეჟისორებმა მარიამ ხაჭვანმა და თეიმურაზ ჩხვიმიანმა დააფუძნეს, ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. ფესტივალი დამკვიდრდა როგორც მსოფლიო კინოფესტივალების განუყოფელი ნაწილი და ყოველწლიურად მასპინძლობს სტუმრებს საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

კინოფესტივალის ჟიურის გადაწყვეტილებით, კონკურსის „Work in Progress“ სექციაში დაჯილდოვდა ორი გამორჩეული პროექტი - რეჟისორ თენგიზ ასიტაშვილის ფილმი „ტრაგედია გმირის გარეშე“ და რეჟისორ ედმონდ მინაშვილის „ყვავილების ქვეყანა“. გამარჯვებულებს "შემოქმედებითი საქართველოს" და საზოგადოებრივი მაუწყებლისგან ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის, კინოფესტივალის სპეციალური პრიზი, მსახიობ ზურაბ ყიფშიძეს გადაეცა.

„ჩვენთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელოვნებისა და კულტურის მხარდაჭერა. სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი გამორჩეული პლატფორმაა ქართული და საერთაშორისო კინემატოგრაფიის პოპულარიზაციისთვის. მოხარულები ვართ, რომ ბაზისბანკის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი, რომელიც არა მხოლოდ რეგიონული კულტურის განვითარებას ემსახურება, არამედ აქტიურად წარმოაჩენს საქართველოს საერთაშორისო კულტურულ რუკაზე.“ - თამარ ხადური, ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსი.