საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული ნებისმიერი მოლაპარაკებების შინაარსის თაობაზე. ბუნებრივია, ეს პრინციპი უნდა იყოს უზრუნველყოფილი რუსეთთან მოლაპარაკებების შემთხვევაშიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ის იზიარებს სპეცწარმომადგენლის, გიორგი ზურაბაშვილის შეფასებას და სრულიად აბსურდულია ის საბაბი, რომლითაც 7 კომპანია შეიყვანეს ერთგვარი სანქციების სიაში.
„პირველ რიგში, მივესალმები სპეცწარმომადგენლის მიერ საზოგადოების ინფორმირებას. გამჭირვალობა არის, ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც საუბარია ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე, ჩვენ მათ ვთავაზობთ სწორედ ღია და გამჭვირვალე მოლაპარაკებებს. საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული ნებისმიერი მოლაპარაკებების შინაარსის თაობაზე. ბუნებრივია, ეს პრინციპი უნდა იყოს უზრუნველყოფილი რუსეთთან მოლაპარაკებების შემთხვევაშიც. რაც შეეხება ჩემი სპეცწარმომადგენლის შეფასებას, მე ამ შეფასებას ვიზიარებ. ჩვენი მოლოდინი ღვინის საკითხთან დაკავშირებით იყო ის, რომ ეს საკითხი უმარტივესად უნდა მოგვარებულიყო. რეალურად, ახსენა ბატონმა სპეცწარმომადგენელმა 3 საკითხი, რომელიც დააყენა ბატონმა გალუზინმა. ეს იყო ღვინის ხარისხი, უკრაინის სასარგებლოდ ომის დაფინანსება და რუსეთის საწინააღმდეგო პროპაგანდაში კომპანიების ჩართულობა. შვიდივე კომპანიის შემთხვევაში სამივე ეს პუნქტი არის სრული აბსურდი. აბსურდია ის, რომ ხარისხს არ აკმაყოფილებენ ეს კომპანიები, აბსურდია ის, რომ უკრაინის სასარგებლოდ ომის რაიმე დაფინანსებაში არიან ზოგადად ეს კომპანიები ჩართული, რა შუაშია საერთოდ ქართულ კომპანიებთან ეს ყველაფერი და ამ კომპანიების მონაწილეობა ანტირუსულ აგიტაციაშიც არავის უნახავს. შესაბამისად, არის სრულიად აბსურდული ის საბაბი, რომლითაც 7 კომპანია შეიყვანეს ერთგვარი სანქციების სიაში. ჩვენი მოლოდინი იყო, ძალიან მარტივად, ამ მოლაპარაკების საფუძველზე ამ სიის სრული ანულირება, თუმცა ამის სანაცვლოდ მივიღეთ რა, რომ ბატონი გალუზინის მხრიდან გაგვიზიარეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შეიძლება 2 კომპანია დაემატოს ამ სიას, გარკვეული კომპანიები შეიძლება ამოვიდეს სიიდან, რაც არის აბსოლუტურად არასწორი დამოკიდებულება. თვითონ ამ სიის შედგენაც იყო არასწორი დამოკიდებულების გამოვლინებას და ბუნებრივია, ეს ახალი დამოკიდებულებაც არის იგივე შეფასების საგანი, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად გასაოცარია. ამ შეფასებას თავიდან ბოლომდე ვიზიარებ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.