საქართველოს სოფლის მეურნეობაში დასაქმების საკითხზე საუბრისას ყურადღება ხშირად სეზონური მუშახელის ნაკლებობაზე მახვილდება. თუმცა ეკონომიკის სამინისტროს კვლევა აჩვენებს, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემა კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტია.
აგრარული მიმართულებების პროგრამებზე ყოველწლიურად საშუალოდ 1 171 სტუდენტი ირიცხება და სწავლას 442 ასრულებს. ბაზრის საშუალო წლიური მოთხოვნა 524 კადრს შეადგენს, რაც კურსდამთავრებულთა რაოდენობას 82-ით აღემატება.
ცალკეული სპეციალობების მიხედვით სხვაობა კიდევ უფრო თვალსაჩინოა. აგროინჟინერიაზე საშუალოდ მხოლოდ 16 სტუდენტი ირიცხება და 14 ამთავრებს, მაშინ როდესაც ბაზარს წელიწადში 38 სპეციალისტი სჭირდება. მეცხოველეობის მიმართულებაზე ათი კურსდამთავრებულია, მოთხოვნა კი 31-ს შეადგენს.
ვეტერინარიის პროგრამებზე წელიწადში საშუალოდ 110 სტუდენტი ირიცხება, მაგრამ სწავლას მხოლოდ რვა ასრულებს. ბაზრის საშუალო წლიური მოთხოვნა 31 ვეტერინარია, რაც კურსდამთავრებულთა რაოდენობას თითქმის ოთხჯერ აღემატება.
ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერიაში მოთხოვნა 84 კადრია, კურსდამთავრებულთა რაოდენობა კი 31-ს შეადგენს. სატყეო საქმეში 63 სპეციალისტის საჭიროებაზე მხოლოდ 16 კურსდამთავრებული მოდის.
ეს დეფიციტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კლიმატის ცვლილების, წყლის რესურსების მართვისა და ფერმების ტექნოლოგიური განვითარების პირობებში. თანამედროვე სოფლის მეურნეობას მხოლოდ მიწაზე მომუშავე ადამიანები აღარ სჭირდება. აუცილებელია ტექნიკის, სარწყავი სისტემების, ცხოველთა ჯანმრთელობის, ნიადაგის ხარისხისა და სურსათის უსაფრთხოების სპეციალისტები.
კვალიფიციური კადრების ნაკლებობა აფერხებს ტექნოლოგიების დანერგვასაც. მცირე და საშუალო მეურნეობებს ხშირად არ აქვთ შესაძლებლობა მუდმივად დაიქირაონ ვეტერინარი ან აგროინჟინერი, ხოლო შესაბამისი საკონსულტაციო მომსახურება რეგიონებში ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის.
აგრობიზნესისთვის გამოსავალი შეიძლება იყოს უნივერსიტეტებთან პრაქტიკული პროგრამების შექმნა, სტუდენტებისთვის რეგიონული სტაჟირებების დაფინანსება და რამდენიმე ფერმის მიერ სპეციალისტის ერთობლივად დაქირავება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ინვესტიცია ტექნიკაში და ინფრასტრუქტურაში შეიძლება ნაკლებად ეფექტიანი აღმოჩნდეს, რადგან მის მართვას შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პერსონალი სჭირდება.