ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის შეფასებით, რუსეთიდან შემოსული იაფი ხორბალი ადგილობრივ წარმოებას კონკურენციას უსპობს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე გადასახადები მოხსნა. ამის შესახებ BMG-სთან ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ბენიაიძე საუბრობს.
გაერთიანების ხელმძღვანელის თქმით, გამოსავალი არსებობს და ამის გამოცდილება ქვეყანას უკვე აქვს. საუბარია იმ მექანიზმზე, რომელიც სახელმწიფომ ორი წლის წინ გამოიყენა, როდესაც ფქვილზე, ქატოსა და ქერზე სპეციალური საბაჟო გადასახადი შემოიღო. ბენიაიძე მიიჩნევს, რომ ანალოგიური მიდგომა ახლა ხორბალზეც უნდა გავრცელდეს.
„როდესაც ორი წლის წინ კრიზისი იყო, ფქვილზე, ქატოსა და ქერზე საბაჟო გადასახადის შემოღებამ დარგი გადაარჩინა. დღეს ფქვილზე - ტონაზე 300 ლარია დაწესებული, ქატოსა და ქერზე კი - 200-200 ლარი. თუმცა, ხორბალზე ეს გადასახადი არ გვაქვს. იმის გამო, რომ რუსეთმა ხორბალზე საექსპორტო მოსაკრებელი მინიმუმამდე დაიყვანა, ჩვენი ფერმერები კონკურენციას ვეღარ უძლებენ. გამოსავალია, რომ ხორბალზეც დაწესდეს შესაბამისი საფასური, ვიდრე, რუსეთი თავადარ აღადგენს საექსპორტო ბეგარას. ეს დააბალანსებს სამივე მხარეს: პურის ფასი დარჩება სტაბილური, წისქვილები იმუშავებენ და ადგილობრივი ფერმერიც გადარჩება“, - განმარტავს ის.
მისი ინფორმაციით, დღეისთვის, ხორბლის ფასი საშუალოდ 60 თეთრს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფერმერები მოსავალს ფაქტობრივად, თვითღირებულებაზე დაბალ ფასად ყიდიან.
"60 თეთრი კატასტროფულად დაბალი ფასია, სექტორი გადარჩენისთვის იბრძვის" - აცხადებს ბენიაიძე და განმარტავს, რომ ეს ვითარება განსაკუთრებით მწვავეა იმ ფონზე, როცა გასულ წელს, როდესაც ფასი 80 თეთრს აღწევდა, ფერმერებმა თითქმის ყველა ტრადიციული ფართობი დათესეს და წელსაც კარგ მოსავალს ელოდებიან.
„დღევანდელი მდგომარეობით, ფასები დაბალია და 60 თეთრია საშუალოდ. ეს გამოიწვია რუსეთიდან მოსაკრებლის მოხსნამ, რის გამოც ქვეყანაში ძალიან იაფად შემოდის მარცვლეული და ფქვილის ფასიც დაკლებულია. 60 თეთრად ძალიან რთულია კვლავ წარმოების გაგრძელება. ფაქტობრივად, დღეს მოსავალი თვითღირებულებაზე დაბალ ან მასთან მიახლოებულ ფასად იყიდება. აუცილებელია ფასების პოლიტიკის გადახედვა, რათა ფერმერმა სესხების გადახდა და წარმოების გაგრძელება შეძლოს“, - აცხადებს ნიკოლოზ ბენიაიძე BMG-სთან და აღნიშნავს, რომ დარგის წარმომადგენლები არ ითხოვენ არარეალურ ფასებს: „ჩვენი შეთანხმება იყო, რომ ხორბალი მინიმუმ, 70 თეთრი უნდა ღირდეს. თუ აღების პერიოდში ფასი 70 თეთრი იქნება და შემდგომ 80-ს არ გასცდება, ფერმერი კმაყოფილი დარჩება.“
ფასებთან ერთად, სექტორის კიდევ ერთ დიდ გამოწვევად ნიკოლოზ ბენიაიძე უხარისხო სათესლე მასალას ასახელებს. მისი თქმით, ქვეყანაში წლებია სერტიფიცირებული სათესლე მასალა დიდირაოდენობით არ შემოსულა, რაც პირდაპირ აისახება მოსავლიანობასა და ხარისხზე.
„ჩვენს ქვეყანაში წლებია დიდი რაოდენობით სერტიფიცირებული სათესლე მასალა არ შემოსულა, თუ ძალიან მცირე პარტიებს არ ჩავთვლით. ცალკეულ ფერმერებს ამის გაკეთება ძალიან გვიჭირს, ეს პროცესი უფრო მასშტაბურად უნდა მოხდეს. მიმდინარეობს მუშაობა, რომ ეს საკითხები დალაგდეს და სექტორი განვითარდეს, რისი პერსპექტივაც ქვეყანას ნამდვილად გააჩნია“, - აღნიშნავს ასოციაციის ხელმძღვანელი.
მისივე თქმით, ხორბლის მწარმოებელთა ასოციაცია აქტიურ კომუნიკაციაშია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. ბენიაიძე იმედოვნებს, რომ სამინისტრო ფერმერების მოთხოვნებს გაითვალისწინებს და უახლოეს პერიოდში კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს.
„მინისტრთან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს და ფერმერებს გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ნაბიჯები შედეგს გამოიღებს. დაპირება გვაქვს, რომ იმ გამოწვევებსა და რყევებს, რაც ახლა დაიწყო, ყურადღებას მიაქცევენ. ველოდებით უახლოეს მომავალში გადაწყვეტილებას. ვფიქრობთ, ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომ დარგმა წინსვლა გააგრძელოს. ეს ინფორმაცია ძალიან მალე გახდება ცნობილი“, - ამბობს ნიკოლოზ ბენიაიძე.