ბაზარზე არსებული ფასები ხშირად, ხელოვნურად არის გაზრდილი საცალო სავაჭრო ქსელების მიერ დაწესებული მძიმე პირობების გამო - ამის შესახებ BMG-სთან „ემსიბი ჯგუფის“ დირექტორი ალექსანდრე რატიშვილი საუბრობს.

მისი თქმით, ადგილობრივი წარმოებისთვის ყველაზე დიდ ბარიერს ე.წ. „მარკეტინგული გადასახადები“ ანუ „ქეშბექები“ წარმოადგენს, რაც ფასწარმოქმნას მნიშვნელოვნად აძვირებს.

ალექსანდრე რატიშვილის განმარტებით, სავაჭრო ქსელები მომწოდებლებს ხშირად “გაუგონარ პირობებს” უყენებენ, რაც პირდაპირ აისახება პროდუქტის საბოლოო ღირებულებაზე.

„ყველაზე დამანგრეველი არის ეგრეთ წოდებული „ქეშბექი“, რომელსაც ხელშეკრულებაში „მარკეტინგული მომსახურების გადასახადი“ ჰქვია, მაგრამ რეალურად ეს არის ბრუნვაზე დაწესებული უზარმაზარი გადასახადი. თავისი მოცულობით ის ბევრად აჭარბებს სახელმწიფოს მიერ დაწესებულ ოფიციალურ საგადასახადო ტარიფებს. ჩვენს შემთხვევაში, ზოგიერთ პროდუქციაზე ეს გადასახადი ბრუნვის 10, 20, 35 და ხანდახან 50%-საც კი შეადგენს“, - ამბობს ალექსანდრე რატიშვილი.

„ემსიბი ჯგუფის“ დირექტორი BMG-სთან დეტალურად განმარტავს ფასწარმოქმნის მექანიზმს და იმ მიზეზებს, რის გამოც მომხმარებელს მაღაზიის თაროზე პროდუქტი რამდენჯერმე ძვირი ხვდება.

„წარმოიდგინეთ, როდესაც პროდუქტის თვითღირებულება არის პირობითად ერთი ლარი, თაროზე განთავსებისას იძულებული ვართ, ისეთი ფასი შევთავაზოთ ქსელს, რომ ეს ხარჯები დავფაროთ. ამას ემატება 18%-იანი დღგ, რომელიც ასევე, არ არის მცირე. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, 1-ლარიანი პროდუქტი თაროზე 5 ლარად იდება. ეს არის დამანგრეველი არა მხოლოდ იმიტომ, რომ ფასია მაღალი, არამედ იმიტომ, რომ მწარმოებელს ყოველგვარ შესაძლებლობას უსპობს, საოპერაციო ხარჯებს გაუმკლავდეს “, - აცხადებს რატიშვილი.

მისივე თქმით, არსებული სისტემა მწარმოებლებს მძიმე ფინანსურ კრიზისში აგდებს, მაშინ როდესაც სავაჭრო ქსელები ამ ფულით სწრაფად ფართოვდებიან.

„ჩვენ იძულებული ვართ ბანკებში წავიდეთ სესხის ასაღებად, რომ ხელფასები გადავიხადოთ და ნედლეული შევიძინოთ. რითეილერები კი ჩვენი გამომუშავებული ფულით, ამ „ქეშბექით“, ყოველგვარი საბანკო პროცენტის გარეშე ვითარდებიან და ხსნიან უამრავი რაოდენობით მაღაზიებს. ჩვენი პოტენციური შემოსავლების 70-80%, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რჩება იქ” - ამბობს ალექსანდრე რატიშვილი.

კითხვაზე, რატომ არ მცირდება ფასები კონკურენციის პირობებში - „ემსიბი ჯგუფის“ დირექტორი ამას სხვადასხვა ფაქტორებით ხსნით. მათ შორის იმით, რომ საკვები პროდუქტების 80% იმპორტირებულია, რაზეც გავლენას ახდენს საერთაშორისო ფასები და ლოგისტიკა. ამასთან, სავაჭრო ქსელებში შესვლისა და ოპერირების ერთნაირად მაღალი ტარიფები. მისივე შეფასებით, რითეილერების ძირითადი ინტერესი არა პროდუქტის რეალურ მარჟაზე, არამედ მომწოდებლებისგან მიღებულ „ქეშბექებზეა“ გადატანილი.

ალექსანდრე რატიშვილი იმედოვნებს, რომ მთავრობა ამ საკითხს ბოლომდე მიჰყვება, რადგან პრობლემა წლების განმავლობაში მოუგვარებელი იყო და ის თანაბრად აზარალებს როგორც ადგილობრივ წარმოებას, ისე მოსახლეობის ფართო მასებს.

bm.ge