სასტუმრო Gudauri Lodge-მა 10 მლნ დოლარის ობლიგაციები გამოუშვა. როგორც სასტუმროს დირექტორმა ანდრო ვლასოვმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, ობლიგაციების განთავსების მიზანი ფინანსების მოძიება იყო, რასაც შიდა საკითხების მოგვარებისთვის გამოიყენებენ.

მანვე აღნიშნა, რომ სასტუმრო ბიზნესს დამატებითი მოგების გენერირების პოტენციალი აქვს.

"ძალიან კარგად ვოპერირებთ უკვე მეოთხე წელია. სტაბილურ მოგებაზე გავიდა კომპანია, რამაც განაპირობა ჩვენი გადაწყვეტილება, რომ სხვა ბიზნესებს და ინდივიდუალებს მივცეთ საშუალება ობლიგაციები შეეძინათ და გარკვეული ინტერესი მიეღოთ. როგორც ნებისმიერ სხვა ბიზნესში სასტუმროებიდან სტაბილურია შემოსავლები და თავისუფლად შეუძლია დააგენერიროს დამატებითი შემოსავალი", - აცხადებს ანდრო ვლასოვი.

მისივე ინფორმაციით, წინა წლის იანვართან შედარებით, სასტუმრო Gudauri Lodge-ს გაყიდვები, დაახლოებით, 20%-ით არის გაზრდილი.

გარდა ამისა, 2026 წელს სასტუმროს მენეჯმენტი შიდა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და საოპერაციო საკითხების უფრო კარგად მოწესრიგებაზე იმუშავებს.

"ჯერ კონკრეტული გეგმები არ გვაქვს, რადგან ჩვენთვის ახლა აქტიური სეზონია და სავარაუდოდ, აპრილიდან უფრო კონკრეტულად დავიგეგმებით", - აღნიშნა ანდრო ვლასოვმა.

ცნობისთვის, გუდაურში მდებარე სასტუმრო Gudauri Lodge 121 ნომერს, სპას, სათხილამურო მაღაზიას და 2 რესტორანს მოიცავს.

წყარო: ბიზნესპარტნიორი