მოსკოვი ბაქოსთან და ერევანთან ურთიერთობების შემდგომ განვითარებას გეგმავს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის აზერბაიჯანსა და სომხეთში ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ვაპირებთ ჩვენს პარტნიორებთან ამ ურთიერთობების შემდგომ განვითარებას ისე, რომ ეს ურთიერთობები სასარგებლო იყოს არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მათთვისაც“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

ამასთან, მისი მტკიცებით, „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ როლი სომხეთის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაში აშკარაა და რუსეთი იმედოვნებს, რომ ორგანიზაციის ფარგლებში სომხეთთან თანამშრომლობა გაგრძელდება.

„ჩვენ სომხეთთან ინტეგრაციული პროექტებით - „ევრაზიის ეკონომიკური კავშირით“ - ვართ გაერთიანებული. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმემ უარყოს ამ ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების შენარჩუნებაში „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ როლი. ეს როლი აშკარაა და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება“, - აღნიშნა პესკოვმა.

ipn.ge