ხილისა და ხილის პროდუქტების მწარმოებლები ამბობენ, რომ ხურმაზე მოთხოვნა ქართულ ბაზარზე დაბალია. ,,კომერსანტთან’’ საუბარში აცხადებენ, რომ ხურმის ჩირს ძირითადად ტურისტები ყიდულობენ. მათთვის ეს პროდუქტი უცხო, რის გამოც ხურმის ჩირის მიმართ ტურისტების ინტერესი დიდია.

იმერეთის სოფელ გორდში გია ღაჭავა უკვე 15 წელია ხილისგან ჩირებს, ტყლაპებსა და კანფეტებს ამზადებს. საქმიანობა მან 9 წლის წინ დაიწყო და 2015 წელს საწარმო ,,გორდული’’ დააფუძნა. ის ,,კომერსანტ''-თან საუბარში აღნიშნავ, რომ ხურმის ჩირი უცხოელებისთვის სიახლეა და მისი პროდუქციის მყიდველებიც სწორედ ტურისტები არიან.

,,ხურმის ჩირი ძირითადად მოთხოვნადია ტურისტებში. ძირითადად უცხოელები ყიდულობენ და მიაქვთ. საქართველოში უფრო საახალწლოდ მოიხმარენ და ქართველები ცოტას ყიდულობენ. უცხოელებისთვის ეს სიახლეა და აინტერესებთ. ძალიან ბევრმა არ იცის საერთოდ ხურმის ჩირის არსებობის შესახებ და რომ ნახულობენ ინტერესს იწვევს.’’- აცხადებს გია ღაჭავა.

ბიზნესმენს პროდუქცია საზღვარგარეთ ჯერ არ გააქვს, თუმცა რუსულ ბაზარზე შესვლას გეგმავს. გია ჭაღავა ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა რუსულ ბაზარზე უფროა, ვიდრე ევროპულზე. ამას ის გარემოება განაპირობებს, რომ ქართულ პროდუქციას რუსეთში უფრო იცნობენ. გარდა ამისა, ევროპაში პროდუქტის გატანა უფრო ძვირი ჯდება, რაც საბოლოო ფასს ზრდის.

,,ხურმა ყველას რუსეთში გააქვს. ხილი რაც კი კახეთში იწარმოება 90% რუსეთში რეალიზდება. ათასობით ფურა (დიდი ზომის მანქანა) გადის. ძირითადად რუსული ბაზრისთვის იწარმოება ხურმა. თუ სოფლის მეურნეობის განვითარება გვინდა სხვა ბაზარი ჩვენთვის არ არსებობს. ძნელია ევროპის ბაზარზე შესვლა. უნდა კი ევროპას შენი პროდუქცია? ესეც ხომ საინტერესოა. ევროპელები, რომ მოდიან ჩემთან ყველა გაოცებულია და კარგად ყიდულობენ, მაგრამ იქ რომ ჩაიტანო მეტი სირთულეა, ვიდრე რუსეთში გაყიდო. რუსეთისთვის უფრო ნაცნობია ჩვენი პროდუქცია და უფრო მოთხოვნადია. თუ კი აწარმოებ პროდუქციას, რომელიც გათვლილია ტურისტებზე და ეს პროდუქცია ტურისტებს უფრო აინტერესებთ, ჯობია აქ მიყიდო, ვიდრე იქ ჩაუტანო. ეს უფრო მომგებიანია, რადგან ხარჯი არ გაქვს და აქ უფრო ყიდულობენ. ტურისტი ჩამოვა აქ და იყიდის. შენ რომ წაიღო უნდა გააკეთო განბაჟება, ტრანსპორტირება და საბუთები, რამდენიმე ადამიანის ხელში გაივლის პროდუქცია და მერე იყიდის მომხმარებელი. ბევრი ხარჯია. საწყობი გინდა. უკეთესია ადგილზე იყიდოს ადამიანმა. უფრო მოგებული ხარ ამ შემთხვევაში.’’- აცხადებს გია ღაჭავა.

ბიზნესმენი აცხადებს, რომ ხურმის ჩირი მცირე მოცულობით გერმანიაში გააგზავნა. გია ღაჭავა ახლა ელოდება, როგორ მიიღებს ბაზარი მის პროდუქტს და რამდენად გაყიდვადი იქნება ხურმის ჩირი.

,,შეკვეთა მომცეს და გერმანიაში გავაგზავნე მცირე მოცულობით. მოქმედი კანონის მიხედვით, ჩეკების გარეშე შეგიძლია 150 კგ. ყოველდღე გააგზავნო ევროპაში, როგორც ოჯახში ნაწარმი პროდუქტი. ჩემი მიდგომა ასეთია, რომ ვაწარმოო ჩირი და რუსეთში სხვა საქონელში გადავცვალო, რომელზეც საქართველოში მოთხოვნა არის და სიმწირეა. 10 წელი რუსეთში ვცხოვრობდი და მაქვს საშუალება, რომ იქ კარგად გავყიდო. რუსეთში გატანა უფრო ადვილია და მეტი შემოსავალი მოაქვს, ვიდრე ევროპაში. ევროპაში გასაყიდი ფასი მეტია, მაგრამ ძირითადად ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა, გვინდა თუ არ გვინდა მაინც რუსეთის ბაზარზეა. იციან რა პროდუქტია და ყიდულობენ. ’’- აცხადებს გია ღაჭავა.

ხურმა დასავლეთ საქართველოში XIX საუკუნის 90–იან წლებში იტალიიდან შემოიტანეს, საიდანაც კულტურა საქართველოს სხვა რეგიონებში გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ ამ კულტურის ველური მონათესავე სახეობა, კავკასიური ხურმა საქართველოში დიდი ხანია ცნობილია.