გვალვის, წვიმიანი ამინდის, იტალიიდან შემოსული ავადმყოფობისა და მწირი სარეალიზაციო ბაზრის შემდეგ ქართული კივის მწარმოებლებს ახალი პრობლემა დაემატათ.

კივის მწარმოებელთა ასოციაციაში ჩივიან, რომ საქართველოში დიდი რაოდენობის იმპორტირებული პროდუქცია შემოდის, რომელიც უცხოეთში MADE IN GEORGIA-ის სამარკო ნიშნით იყიდება.

ოფიციალური მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში კივის იმპორტის მაქსიმუმი დაფიქსირდა. კერძოდ, მიმდინარე წელს 1 980 ტონა (1.108 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტი შემოვიდა, რაც გასულ წლებთან შედარებით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ლიდერი საიმპორტო ქვეყანა ირანია (1904 ტონა, 955.7 ათასი აშშ დოლარის ღირებულების კივი).

„ადგილობრივ ბაზარზე ნელ-ნელა ქართულ კივს იმპორტირებული ირანული კივი ანაცვლებს. როცა ქვეყანას უცხოელ პარტნიორებთან სავაჭრო ურთიერთობა აქვს, ამის წინააღმდეგ რომელიმე ფერმერი არ შეიძლება წავიდეს, მაგრამ ირანული კივი რომ შემოდის და ქართული სერტიფიცირებით იყიდება, ეს რას ნიშნავს? ამის თაობაზე მინისტრთა კაბინეტს ვაცნობეთ, პრემიერ-მინისტრმა მიიღო დადგენილება, რომელიც არ სრულდება. მაგალითად, გამოვლენის შემთხვევაში ექსპორტიორი  რამდენიმე ათასი ლარით უნდა დაეჯარიმებინათ, მაგრამ ასეთი რაღაც არ მომხდარა.

შემოაქვთ ირანიდან კივი და როგორც ქართული  კივი ისე გააქვთ იაპონიაში გასაყიდად. ასეთი ფაქტები შეიძლება ერთ და ორ შემთხვევაში ვერავინ გაიგოს და გაატარონ, მაგრამ როცა 1 ჰექტარი კივის პლანტაციაც არ გაქვს და რამდენიმე ტონა კივი გაგაქვს ექსპორტზე, ეს საიდან და როგორ ხდება?“,- ამბობს კივის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი დემურ ფიფია.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს პოტენციალი, ქვეყანაში წარმოებული კივით იაპონური ბაზარი სრულად დააკმაყოფილოს, რაც ბევრ ფერმერს გააძლიერებდა, თუმცა  ეს სახელმწიფოს ინტერესში არ შედის.

„ჩვენ კივის შემომტანებთან კავშირი არ გვაქვს, მაგრამ როგორც ვიცით, იაპონიაში გააქვთ ექსპორტზე. საბაჟოზე აღირიცხება კივის ექსპორტი და რაოდენობა დაახლოებით 70-100 ტონამდე მერყეობს. ეს იმიტომ ხდება, რომ ქართულ კივი უფრო მოთხოვნადია, კვებითი ღირებულებაც უფრო მაღალი აქვს. იაპონიასთან ჩვენ ღია ფანჯარა გვაქვს, მათი წლიური მოხმარება 64 ათასი ტონაა და თავად 32 ათას ტონას აწარმოებს. ე.ი დარჩენილი 32 ათასი ტონის ათვისება ჩვენ შეგვიძლია, რომ იყოს ასეთი დაინტერესება სახელმწიფოს მხრიდან. ამით ფერმერები ფეხზე დადგებოდნენ, მაგრამ როგორც ვატყობ, ეს არ აწყობს ჩვენს ხელისუფლებას“,- თქვა დემურ ფიფიამ.