ფინანსურმა ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალმა“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მიიღო. კომპანია მომხმარებელთა დაცვის  ვერცხლის სერტიფიკატის მფლობელი გახდა. აღნიშნული აღიარება ადასტურებს, რომ კრისტალი ზედმიწევნით ითვალისწინებს მომხმარებლების დაცვის გლობალურ პრინციპებს, უზრუნველყოფს სამართლიან, სანდო და გამჭვირვალე მიდგომებს, ახორციელებს პასუხისმგებლიანი და გონივრული დაკრედიტების პოლიტიკას მომხმარებლისთვის ჭარბვალიანობის ასარიდებლად, განსაკუთრებულად იცავს მათი პირადი მონაცემების უსაფრთხოებას, ხელს უწყობს მომხმარებლების ეკონომიკურ გაძლიერებასა და ფინანსურ რესურსებზე წვდომას.
სერტიფიკატი, რომელიც კომპანიამ მიკროფინანზას გლობალური სარეიტინგო კომპანიისგან - MFR მიიღო, კლიენტთა დაცვის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებსა და კრიტერიუმებს ეფუძნება. ვერცხლის სერტიფიკატი ხაზს უსვამს, რომ “კრისტალი” აკმაყოფილებს მომხმარებლების ადეკვატური დაცვისთვის აუცილებელ ყველა სტანდარტს და მუდმივად პროგრესირებს თანამედროვე პრაქტიკის შესაბამისად. საგულისხმოა, რომ კომპანიამ უმაღლესი ქულები დაიმსახურა ისეთ კრიტერიუმებში, როგორებიცაა გამჭვირვალობა, პასუხისმგებლიანი დაფინანსება, სამართლიანი და პასუხისმგებლიანი მიდგომები მომხმარებელთა მომსახურებასა და ეთიკურ სტანდარტებში, ასევე, კონფიდენციალურობის დაცვის სტანდარტებში მომხმარებელთა მონაცემების მიმართ.
„MFR-ის ვერცხლის სერტიფიკატი ადასტურებს, რომ „კრისტალის“ საქმიანობა სრულად შეესაბამება მომხმარებლების დაცვის ყველა სტანდარტს და წამყვანი საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, მუდმივად პროგრესირებს. სერტიფიკაცია იყო საპასუხისმგებლო, რთული და, ამავდროულად, ძალიან სასარგებლო პროცესი, რომლის მიმდინარეობისას მომხმარებელთა მომსახურების სფერო სრულად შეფასდა და მიდგომები თუ პროცედურები საუკეთესო სტანდარტების შესაბამისად განახლდა. ეს აღიარება მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, რადგან მომხმარებლების დაცვის მიმართულებით საქმიანობა მუდმივი პროცესია და ბუნებრივია, ის მიკრობანკად ჩამოყალიბების შემდეგაც აქტიურად გაგრძელდება. სერტიფიკატის მოპოვების შედეგად, „კრისტალი“ საერთაშორისოდ აღიარებული სტატუსით პოზიციონირდება, როგორც მაღალი ეთიკური სტანდარტების მქონე, პასუხისმგებლიანი, გამჭვირვალე და ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფისკენ მიმართული ფინანსური ინსტიტუტი, რომელსაც ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების, არსებული და ახალი ინვესტორების მხრიდან მაღალი რეპუტაციული სანდოობა აქვს.- აღნიშნავს „კრისტალის“ უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი ილია რევია.
აღნიშნული სერტიფიკატი კრისტალს MFR-ის ექსპერტების მიერ ჩატარებული ხანგრძლივი და  სიღრმისეული კვლევის შემდეგ მიენიჭა.

სერტიფიკატის მიღების მხარდამჭერი იყო „კრისტალის“ დიდი ხნის პარტნიორი Proparco, რომელიც მუდმივად ხელს უწყობს პარტნიორ კომპანიებს, რათა მათი საქმიანობა გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდეს და პასუხისმგებლობიანი დაფინანსებისკენ იყოს მიმართული.


“პროპარკო მხარს უჭერს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს პასუხისმგებლიანი და სოციალური პრაქტიკის დანერგაში, რომელსაც დიდი გავლენა აქვს დაუცველ მოსახლეობაზე. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის საამაყოა, რომ ჩვენი ღირებული პარტნიორის, კრისტალის ძალისხმევა სათანადოდ აღიარდა და იგი კლიენტთა დაცვის ვერცხლის სერტიფიკატით დაჯილდოვდა.  დარწმუნებულები
 
ვართ, რომ კრისტალი გზას გაუკვალავს და მაგალითს მისცემს სხვა არაერთ მიკროსაფინანსო დაწესებულებას” - განაცხადა  პროპარკოს ტექნიკური დახმარების მიმართულების დირექტორმა, მელოდი სანგმა.
მომხმარებლების დაცვა, მათი ინტერესების გათვალისწინება და ინკლუზიურობა „კრისტალის“ საქმიანობის განმსაზღვრელი, საკვანძო ღირებულებებია. ამჟამად კომპანია საბანკო ტრანსფორმაციის გარდამავალ ეტაპზეა, რაც კიდევ უფრო ზრდის მიღებული აღიარების მნიშვნელობას.