საქართველოს განათლების სექტორი ბოლო წლებში ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ მიმართულებად ჩამოყალიბდა. „გალთ ენდ თაგარტის“ ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, 2019-2025 წლებში სექტორის შემოსავლები გაორმაგდა და 2025 წელს 4.3 მილიარდ ლარს მიაღწია. ამავე პერიოდში განათლების სექტორის წილი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 4.5%-დან 6.4%-მდე გაიზარდა.

კვლევის მიხედვით, განათლების სექტორი ოთხ ძირითად მიმართულებას აერთიანებს: ზოგად განათლებას (2.1 მლრდ ლარი), უმაღლეს განათლებას (1.3 მლრდ ლარი), სკოლამდელ განათლებას (0.7 მლრდ ლარი) და სხვა საგანმანათლებლო მომსახურებებს (0.2 მლრდ ლარი).

ანგარიშში აღნიშნულია, რომ სექტორის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა ზოგადი და უმაღლესი განათლება იყო. ამასთან, ზოგადი განათლების გაფართოებას ძირითადად სახელმწიფო დაფინანსება უწყობდა ხელს, ხოლო უმაღლესი განათლების შემოსავლების ზრდა კერძო დანახარჯებმა და განსაკუთრებით უცხოელი სტუდენტების რაოდენობის მატებამ განაპირობა.

ზოგადი განათლების სექტორის შემოსავალი 2019-2025 წლებში საშუალოდ წელიწადში 14.4%-ით იზრდებოდა და 2025 წელს 2.1 მილიარდ ლარს მიაღწია. ამ თანხის თითქმის სამი მეოთხედი — 74.9%, ანუ 1.6 მილიარდი ლარი — საჯარო სკოლებზე მოდის.

ამავე პერიოდში კერძო სკოლების შემოსავლები გაორმაგდა და 526 მილიონ ლარს მიაღწია. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ზრდა მოსწავლეთა რაოდენობის მატებამ, სწავლის საფასურის ზრდამ და მაღალი საფასურის მქონე სკოლების გაფართოებამ განაპირობა. თუმცა, შობადობის კლების ფონზე, მომავალში კერძო სკოლებისთვის შემოსავლების ზრდა უფრო მეტად ბაზრის წილის გაფართოებასა და მოთხოვნის ახალი წყაროების მოძიებაზე იქნება დამოკიდებული.

კვლევა ასევე ყურადღებას ამახვილებს სექტორის გამოწვევებზე. მათ შორისაა მასწავლებლების ასაკობრივი სტრუქტურა, ახალი კადრების ნაკლებობა და დაბალი ანაზღაურება. ანგარიშის თანახმად, საჯარო სკოლებში ხელფასების ზრდამ კერძო სკოლების ხარჯებიც გაზარდა, რაც განსაკუთრებით მცირე ოპერატორების მომგებიანობაზე აისახა და სექტორში კონსოლიდაციის წინაპირობას ქმნის.

რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, 2019-2025 წლებში ამ სექტორის შემოსავლები საშუალოდ წლიურად 11.5%-ით გაიზარდა და 2025 წელს 1.3 მილიარდ ლარს მიაღწია. ზრდის მთავარი ფაქტორი უცხოელი სტუდენტების გაზრდილი ნაკადი იყო.

„გალთ ენდ თაგარტის“ შეფასებით, 2019-2025 წლებში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა და 44 ათასს მიაღწია. შედეგად, მათი წილი სტუდენტთა საერთო რაოდენობაში 19.8%-მდე გაიზარდა, რაც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მაჩვენებლად სახელდება.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ შედარებით ხელმისაწვდომი სწავლებისა და ცხოვრების ხარჯების გამო საქართველო საერთაშორისო სტუდენტებისთვის კონკურენტულ საგანმანათლებლო მიმართულებად იქცა. ამასთან, ხაზგასმულია, რომ უცხოელი სტუდენტების ნაკადი მნიშვნელოვნად არის კონცენტრირებული — მათი 53.8% ინდოეთის მოქალაქეა და უმეტესობა ჯანდაცვის მიმართულებით სწავლობს.