კომპანია RE/MAX Capital-ის დამფუძნებელ მარიამ ასათიანის შეფასებით, სანამ საცხოვრებელ სახლებშია ოფისები, ბიზნესცენტრების დატვირთვის რისკი არ არსებობს. ამის შესახებ მარიამ ასათიანმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ საქართველოს კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ მდგომარეობის შეფასებისას განაცხადა. RE/MAX Capital-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ დეკემბერ-იანვარში, საპროტესტო ტალღების გამო, უძრავი ქონებაზე შემცირებულმა მოთხოვნამ თებერვლიდან აღდგენა დაიწყო და საოფისე ფართებზეც მოთხოვნა მაღალია.

2024 წლის ბოლოს „უძრავი ქონების პროსპექტთან“ ინტერვიუში მარიამ ასათიანმა განაცხადა, რომ „ერთი უმსხვილესი კომპანია ბაზრიდან გადის, მიზეზი აშშ-თან შეჩერებული სტრატეგიული პარტნიორობაა’’.  RE/MAX Capital-ის დამფუძნებელმა BMGTV-ის ეთერში   განმარტა, რომ ეს ამერიკული კომპანია იყო, რომელსაც ფართის დაქირავებაში დაეხმარნენ. კომპანია საქართველოდან გავიდა, თუმცა მისი დასახელება მარიამ ასათიანმა  არ ისურვა.

,,კომპანიის სახელს ვერ ვიტყვი. მოგვწერეს, რომ გავდივართ ბაზრიდან, რადგან აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერდა. ადრეც მითქვამს, რომ საოფისე სეგმენტს ძალიან დააწვა USAID-ის პროგრამების დახურვა, რადგან ბევრი ოფისი ჰქონდათ დაქირავებული და დაიცალა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ [ფართები] თავისუფალი დარჩა. ადგილობრივი მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, ამიტომ ფართების გათავისუფლება თუ ზოგიერთი კომპანიის ბაზრიდან გასვლა სექტორს არ შეეტყო. სანამ საცხოვრებელ სახლებშია ოფისები, ბიზნესცენტრების დატვირთვის რისკი არ არსებობს. შეიძლება, ფასი დაკორექტირდეს, მაგრამ მოთხოვნა ყოველთვის არის, რომ გაქირავდეს.’’- განაცხადა მარიამ ასათიანმა.

წყარო: bm.ge