საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმში, ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადება - გასაღების ფაქტი გამოავლინეს. სისხლისსამართლებრივი დევნა 7 პირის მიმართ დაიწყო, რომელთაგან 3 დაკავებულია.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით, კუსტარულად მოწყობილ საწარმოებში სპირტისა და სპეციალური დანამატების გამოყენებით სისტემატურად ამზადებდნენ ცნობილი ბრენდების ფალსიფიცირებულ ვისკისა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს. აღნიშნული პროდუქცია ყალბი აქციზური მარკებით აჭარის რეგიონში მაღაზიებსა და ბარებში რეალიზდებოდა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კუსტარული საწარმოებიდან და სარეალიზაციო ობიექტებიდან ამოღებულია ფალსიფიცირებული ვისკი და არაყი, დიდი ოდენობით სხვადასხვა ბრენდის მეორადი ბოთლები, გაურკვეველი წარმოშობის სპირტიანი სასმელი, ყალბი აქციზური მარკები, ასევე მათი დასამზადებელი ტექნიკა.

ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები სარეალიზაციო ქსელიდან ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელების ამოღებისა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, 197¹ მუხლითა და 200¹ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს