„რუსეთის მხრიდან დამატებითი გადასახადები გაართულებს ჩვენი ღვინის გაყიდვას, შეიძლება მოცულობებშიც შემცირდეს“, - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ფერმერთა ასოციაციის სერთიფიცირების სპეციალისტმა ილია კუნჭულიამ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ მომავალი წლიდან რუსეთი, რომელიც ქართული ღვინისთვის ძირითად საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს, დღგ-ის გაზრდას და აქციზის მატებას განიხილავს. კერძოდ, 2026 წელს, მშრალ ღვინოებზე აქციზის გადასახადი, ამჟამად არსებული 113 რუბლიდან სავარაუდოდ, 148 რუბლამდე გაიზრდება, ხოლო ცქრიალა ღვინოებზე - 125 -დან 160 რუბლამდე. განიხილება აქციზის ზრდა სპირტიან სასმელებზეც.
„შარშანაც მოხდა წლის ბოლოს მსგავსი რაღაც იმიტომ, რომ როგორც მოგეხსენებათ, რუსეთის ბიუჯეტს აქვს დეფიციტი, ვეღარ ფარავენ იმ ხარჯებს, რაც სხვადასხვა მიზეზით არის გამოწვეული, მათ შორის, ომით და სანქციებით და უწევთ, დამატებითი საგადასახადო ტვირთი აკიდონ ბიზნეს სექტორს და ბიზნეს სექტორიდან, რა თქმა უნდა, ეს მოსახლეობაზე გადავა. ხარჯებს ვერ ამცირებენ სხვადასხვა მიმართულებით და ერთადერთი გზა არის, რომ დამატებითი გადასახადები შემოიღონ.
რა თქმა უნდა, ეს შეეხება ალკოჰოლსაც და ჩვენთვისაც უფრო კონკურენტულს გახდის ბაზარს, გაართულებს ჩვენი ღვინის გაყიდვას, სავარაუდოდ, შეიძლება მოცულობებშიც შემცირდეს“, - აცხადებს ილია კუნჭულია.
ფერმერთა ასოციაციის სერთიფიცირების სპეციალისტის თქმით, საქართველოდან ალკოჰოლური სასმელების ექსპორტს ართულებს რუსეთის ფედერაციის მიერ ამოქმედებული ახალი სავიზო შეზღუდვებიც, რაც ქართული პროდუქციის გაძვირებას მოსალოდნელს ხდის.
„დამატებითი გადასახადების შემოღებას ემატება ისიც, რომ ქართველ სატვირთოს მძღოლებს შეექმნათ პრობლემები. 180 დღიდან 90 დღემდე შემცირდა ანუ განახევრდა ის პერიოდი, რაც მათ შეუძლიათ რუსეთში გაატარონ.
საუბარია, ჩვენს მძღოლებზე, ვისაც სატვირთოებით მიაქვთ სპირტი იქნება ეს, ბრენდი თუ ღვინო. ლოჯისტიკა გართულდა, მოუწევთ ახალი მძღოლების მოძიება, რაც გააძვირებს ჩვენს პროდუქციას“, - აცხადებს ილია კუნჭულია.