ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა იწურება. შესაბამისი დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადა მიმდინარე წლის 3 ნოემბერია, ხოლო გადასახადის გადახდის ბოლო ვადა 17 ნოემბერი.

აღნიშნული გადასახადი იმ პირებმა უნდა გადაიხადონ, ვისი ოჯახის გასული წლის ერთობლივი წლიური შემოსავალი 40 000 ლარს აღემატება და საკუთრებაში აქვთ დასაბეგრი ქონება.

საგადასახადო დარგის სპეციალისტები კი აცხადებენ, რომ ქონების გადასახადის არსებული ზღვარი უკვე დიდი ხანია მოძველებულია და ის გაზრდას საჭიროებს.

აუდიტორული კომპანია Tax & Legal Solutions-ის დამფუძნებელი BMG-სთან აცხადებს, რომ შესაძლებელია შესაბამისი ზღვრის 100 ათას ლარამდე გაზრდა.

„ქონების გადასახადის 40 ათას ლარიანი ზღვარი დღეს უკვე ძალიან დაბალია. ეს ზღვარი 2004 წლის დეკემბერში დაწესდა. 20 წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა, ნომინალში შემოსავლები გაიზარდა. მსყიდველუნარიანობა შეიძლება იგივე დარჩა, მაგრამ ნომინალში გამოხატული შემოსავლები გაზრდილია. მით უმეტეს, როდესაც ოჯახის შემოსავლებზეა საუბარი. ასე რომ ვფიქრობ, ეს შეღავათი უფრო მეტად გასაფართოებელია იმ გაგებით, რომ შემოსავლის ზღვარი არის გასაზრდელი.

40 ათასი ლარი დღეს უკვე პრაქტიკულად ვეღარ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც საზოგადოებაშია. ვფიქრობ, რომ ეს ზღვარი 100 000 ლარამდე რომ გაიზარდოს, სავსებით შესაძლებელია. ეს უფრო რელევანტური იქნება იმ შემოსავლებთან მიმართებაში, რა ოდენობასაც უკვე დღეს ოჯახები იღებენ“, - განაცხადა ზურაბ ძნელაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტრო უკვე რამდენიმე წელია ქონების გადასახადის რეფორმაზე მუშაობს. უწყებაში ამბობენ, რომ რეფორმის მიზანია როგორც ფიზიკური პირების, ასევე საწარმოების ქონების გადასახადის პრინციპის ცვლილება, იმგვარად რომ ის აღარ იყოს დამოკიდებული შემოსავლებზე.

თუმცა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ვერ აკონკრეტებს, როდის შეიძლება ამ მიმართულებით რეფორმა გატარდეს.

bm.ge