კომპანია „გურია ფიშ ფარმინგის“ დამფუძნებლის, გიორგი ჩხაიძის განცხადებით, თევზის ლაბორატორია, სავარაუდოდ, მომდევნო წელს გაიხსენება.
როგორც ის „ბიზნესპარტნიორთან” აცხადებს, ბაზარზე კვალიფიციური კადრების დეფიციტია და აღნიშნული მიმართულებით, გამოცდილებაც არ არსებობს.
კომპანიის დამფუძნებელი განმარტავს, რომ „გურია ფიშ ფარმინგი“ პროექტის განხორციელებისთვის სპეციალისტს უცხოეთში ეძებს.
"გარკვეული გამოწვევების წინაშე დავდექით, რადგან საქართველოში ფიზიკურად ვერ ვნახეთ სპეციალისტი, რომელსაც ამ სფეროში შესაბამისი გამოცდილება ექნებოდა. ჩვენ მოლაპარაკებები გვაქვს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან და ამ ეტაპისთვის, შეთანხმება მიღწეული არ არის. გვინდა ადამიანი, რომელიც საჭირო აპარატურას შეგვარჩევინებს და ასევე, ლაბორატორიაში დასაქმებულებს გადაამზადებს.
საქართველოში ამ სფეროში ლაბორატორიებს არ უმუშავია და შესაბამისად, გამოცდილებაც არ არის“, - აცხადებს გიორგი ჩხაიძე.
მისი ინფორმაციით, საწარმოს მოწყობაში დაახლოებით, 200 000 ევროს ინვესტიცია განხორციელდება.
შეგახსენებთ, კომპანია „გურია ფიშ ფარმინგი" გრიგოლეთში მდებარეობს. პროექტის ღირებულება 8,5 მლნ ლარია, საიდანაც 5 მლნ ლარი დაფინანსებულია პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში. პროექტი გათვლილია 5 წელზე და კომპანიის მენეჯმენტი ჯამში 200 მლნ ლარის ინვესტირებას გეგმავს. მეურნეობაში 18 ადამიანია დასაქმებული.