15 სექტემბერს დიდმა ბრიტანეთმა ფინანსური სანქციები დაუწესა რუსულ ენერგოგიგანტ Lukoil-ს. სანქციების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ფინანსური სანქციები შეეხება კომპანიას, გარდა რამდენიმე გამონაკლისისა, ესენია შაჰ-დენიზის მილსადენის პროექტში Lukoil-ის წილი, ასევე სამხრეთის გაზის მილსადენის კომპანიასა და კომპანია TengizChevroil-ში წილებში.
სხვა მიმართულებებით კი Lukoil-ს ბრიტანული სანქციები შეეხება. არსებული მდგომარეობით, Lukoil-ის ქართულ შვილობილს 2024 წლის ფინანსური შედეგები უკვე გამოქვეყნებული აქვს. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს კომპანიის შემოსავალმა 762.5 მილიონ ლარს მიაღწია, რაც 2023 წელთან შედარებით დაახლოებით 279 მილიონი ლარით მეტია.
ფინანსური ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს Lukoil-ის წმინდა მოგება თითქმის ორჯერ გაიზარდა და 35.5 მილიონ ლარს მიაღწია.
Lukoil-ის ხარჯების უდიდესი ნაწილი - 703.8 მილიონი ლარი - ნავთობპროდუქტების შესყიდვაზე მოდიოდა. სახელფასო ხარჯები 13 მილიონი ლარი იყო, ხოლო ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯები 3.5 მილიონ ლარს შეადგენდა.
მიღებული შემოსავლიდან 566.8 მილიონი ლარი საბითუმო ბაზარზე ნავთობპროდუქტების რეალიზაციიდან, 195.7 მილიონი ლარი კი საცალო გაყიდვებიდან მოვიდა. ასევე, ავტოგასამართ სადგურებთან არსებული მაღაზიების მიერ მიღებულმა შემოსავალმა 3.8 მილიონი ლარი შეადგინა.
2024 წლის განმავლობაში კომპანიამ მთლიანად დაფარა 8.25 მილიონი ლარის სესხი და წლის ბოლოს ვალდებულებების გარეშე შეხვდა.
„ლუკოილ ჯორჯიას“ აქტივები 134.8 მილიონ ლარს აღწევს, საიდანაც ფულადი სახსრები 32.7 მილიონი ლარია.
კომპანია საქართველოში ოპერირებს 24 საკუთრებაში არსებული, 26 იჯარით აღებული და 10 ფრანჩაიზული ავტოგასამართ სადგურის მეშვეობით, რომლებიც ქვეყნის ყველა რეგიონშია განთავსებული. მისი ძირითადი მომწოდებელი ბულგარეთში მდებარე LUKOIL NEFTOHIM BURGAS AD-ია, რომელიც „ლუკოილის“ ჯგუფში შედის.
2024 წელს დასრულდა კომპანიის საკუთრების გადაცემის პროცესი — „ლუკოილ ჯორჯია“ LITASCO SA-სგან გადავიდა LUKOIL International GmbH-ის საკუთრებაში, რომელიც საბოლოოდ „ლუკოილის“ საჯარო სააქციო საზოგადოების კონტროლის ქვეშ რჩება.