გამოცემა Telegraph-ის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განიხილავს უკრაინის გამარჯვების ფონდის ჩამოყალიბებას, რომელიც ჩინეთზე დაწესებული ახალი ტარიფებით იქნება დაფინანსებული.
Telegraph წერს, რომ 17 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაგეგმილ შეხვედრამდე, ტრამპმა თავის ფინანსთა მინისტრს, სკოტ ბესენტს აღნიშნული გეგმის ევროპელ კოლეგებთან განხილვა დაავალა.
"პრეზიდენტმა ტრამპმა მე და ელჩს დაგვავალა, ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის გვეთქვა, რომ მხარს დავუჭერდით ჩინეთზე, როგორც დაარქმევდით 'რუსული ნავთობის ტარიფს' ან "უკრაინული გამარჯვების ტარიფს'", განუცხადა ბესენტმა რეპორტიორებს 15 ოქტომბერს.
"ჩვენი უკრაინელი და ევროპელი მოკავშირეები მზად უნდა იყვნენ, რომ გამოგვყნენ. ჩვენ პასუხს გავცემთ, თუ ევროპელი პარტნიორები შემოგვიერთდებიან." - დაამატა მან.
გამოცემის ცნობით, ეს სტრატეგია ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე 500%-იანი ტარიფის დაწესებას გულისხმობს, ხოლო შემოსული თანხა უკრაინის არმიისთვის შეიარაღებას მოხმარდება.
გეგმის მიზანი პუტინზე მაქსიმალური ეკონომიკური წნეხის დაწესებაა. თუმცა Telegraph-ს დიპლომატიურმა წყაროებმა განუცხადეს, რომ აქამდე ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფების დაწესების იდეას ევროპული ქვეყნების მთავრობების მხრიდან წინააღმდეგობა შეხვდა.