ცხვარიჭამია-ბურიანის გზაზე მდებარე ტურისტული ობიექტი "გელუქი" დამფუძნებელი, გელა იზორიას განცხადებით, მართალია, ჯავშნები არ გაუქმებიათ, თუმცა უფრო მეტი აქტიურობის მოლოდინი ჰქონდათ. ამის შესახებ მან BM.GE-ს განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ტურისტულ ობიექტს წელს მეორე კოტეჯი დაემატა, რისთვისაც დაახლოებით 70 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა. მომავალ წელს კი, მესამე უფრო დიდი კოტეჯის და კაფეს დამატებას გეგმავს.
„სეზონი კარგი იყო. გავაკეთეთ მეორე კოტეჯი და მომავალ წელს, გაფართოებას ვაპირებთ. გვინდა, კაფეს დამატება, რისთვისაც 20 000 ლარის ინვესტიციას ვახორციელებთ. გეგმაში გვაქვს მესამე კოტეჯის აშენებაც, რომელიც დაახლოებით 40-50 კაცამდე დაიტევს. მესამე კოტეჯის ასაშენებლად რა ინვესტიციაა საჭირო, ამ დროისათვის დათვლილი არ გვაქვს.
თოვლიც ძალიან ადრე, 27 ნოემბერს მოვიდა. ახლა, საახალწლოდ სულ ჯავშნები გვაქვს. დაჯავშნილია იანვრის პირველი კვირაც. მიმდინარე მოვლენების მიუხედავად, ჯავშნები არ გაუქმებულა, თუმცა უფრო მეტის მოლოდინი გვქონდა. მომხმარებლები თავს იკავებენ სხვადასხვა ივენთების მოწყობისგან. შესაბამისად, ბიზნესზე ეს საკმაოდ აისახა“, - განაცხადა იზორიამ.
მისი ცნობით, ამ ეტაპზე მხოლოდ ქართველი კლიენტები ჰყავთ, ხოლო უცხოელ მომხმარებლებზე ბაზრის დივერსიფიცირებას მომავალი წლიდან გეგმავენ.